შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს ხელშესახები თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა გაღრმავდეს. ეს არის უმარტივესი საკითხი - რა პრობლემა შეიძლება შეექმნას 3,7-მილიონიანმა საქართველომ, თუკი მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მიიღებს გადაწყვეტილებას და უვიზო რეჟიმს დააწესებს? ისევე როგორც თავისუფალი ვაჭრობის, ისევე როგორც პირდაპირი ავიამიმოსვლის [შემთხვევაში], რაც არის ძალიან მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. თუ ეს არის რთული საკითხი, ის მაინც უნდა ვნახოთ, რომ პარტნიორები ამ საკითხზე მუშაობენ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებიდან რამდენიმე ხანში დააწესა და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკაში მიიღებენ ანალოგიურ გადაწყვეტილებას თბილისისა და ვაშინგტონის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის.