ეს საკითხი ისე იქნება დარეგულირებული, რომ არც საერთაშორისო ვალდებულებებს დავაზიანებთ, ვგულისხმობ ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ კონვენციას და არც საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს. ამიტომ ოპოზიციის პროპაგანდა ფუჭია და ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც დასრულდა მათი ყველა დანარჩენი ე.წ. პიარი, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც ანტიპროპაგანდისტულ ინიციატივას ეხებოდა.
მისი თქმით, ოპოზიცია ფიქრობს ისეთი პიარის აგორებას, რომელიც საქართველოს ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ დააზიანებს.
„მერამდენედ აკეთებენ და მერამდენედ იწვნიეს ამ ე.წ. პირის აგორებაში დამარცხება. ჯერ აგორებდნენ, რომ 12 რეკომენდაციას არ სრულდება და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა არ ააქვსო. ახლა აგორებენ, რომ 9 რეკომენდაცია არ შესრულდება და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკება არ გაიხსნებაო“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლებებს აწესრიგებს.