სად, რომელ ლოგიკაში, რომელ პოლიტიკურ, იურიდიულ ან მორალურ განსაზღვრებაში ჯდება ის, რომ ჩვენ დავუშვათ სასამართლო ხელისუფლებაში ასეთი უხეში ჩარევა უცხო ძალების მხრიდან? ეს ხომ პირდაპირ ღირსების საკითხია? - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეები საქართველოში ინიშნებიან უვადოდ და მათი დანიშვნის ინსტანცია არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო - კონსტიტუციური ორგანო, რომლის საქმიანობასაც კონსტიტუცია აწესრიგებს.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გადაყენება მხოლოდ იმპიჩმენტით არის შესაძლებელი, ხოლო ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსამართლეთა გათავისუფლება - ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“. მისი 43-ე მუხლი პირდაპირ ადგენს და აწესრიგებს იმ საფუძვლებს, რომლებითაც შეიძლება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადააყენოს უვადოდ განწესებული მოსამართლე. არსად, არც კონსტიტუციაში და არც ამ კანონში, არაა რაიმე სახის ჩანაწერი, რომელიც შეიძლება უშვებდეს უცხო ძალის, ამ კანონისგან და კონსტიტუციისგან განსხვავებული წესით, იმ პროცედურის ჩატარებას, რომელიც შეამოწმებდა მოსამართლეებს კეთილსინდისიერებაზე და შემდეგ ეს იქნებოდა გამოყენებული რაიმე სახით ამ მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის. აქედან რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ? კანონიც და კონსტიტუციაც ეწინააღმდეგება და პირდაპირ უარყოფს ყოველგვარი „ვეტინგის“ განხორციელებას სასამართლო სისტემაში.
ამასაც რომ დავანებოთ თავი, არსებობს ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპი, რომელიც არის კონსტიტუციის ამოსავალი წერტილი. ქვეყანა არის დამოუკიდებელი და ქართული საზოგადოება, ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა აწესრიგებს და განსაზღვრავს აქ მიმდინარე პროცესებს. სად, რომელ ლოგიკაში, რომელ პოლიტიკურ, იურიდიულ ან მორალურ განსაზღვრებაში ჯდება ის, რომ ჩვენ დავუშვათ სასამართლო ხელისუფლებაში ასეთი უხეში ჩარევა უცხო ძალების მხრიდან? ეს ხომ პირდაპირ ღირსების საკითხია? როდესაც ანტიკონსტიტუციურ, კანონსაწინააღმდეგო და უღირს მოთხოვნას აყენებენ მოსამართლეები, ჩვენ, კანონმდებლებს, იმის ვალდებულება არ გვაქვს, რომ კონკრეტული განმარტება მივცეთ ამის შესახებ? რა თქმა უნდა, ეს ასეა. ანტიკონსტიტუციური, ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავი არც ერთი ქმედება არ იქნება დაშვებული სასამართლო ხელისუფლებაში, რამეთუ კანონი და კონსტიტუცია ადგენს, როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება, მათი თანამდებობაზე დანიშვნა ან გათავისუფლება. ვინმეს ჩარევა ამაში მისაღები არაა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.