ჩვენს უახლოეს ისტორიას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ეს მოსამართლეები არიან ის ადამიანები, ვისზეც მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად საკმაოდ დიდ ფსონს დებდნენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 5 მოსამართლის მიერ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნის გაზიარებას.
„ჩვენს უახლოეს ისტორიას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ეს მოსამართლეები არიან ის ადამიანები, ვისზეც მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად საკმაოდ დიდ ფსონს დებდნენ. როგორც ჩანს, დადგა ჟამი, რომ საპასუხო მადლობით და წიაღსვლით უნდა უპასუხონ ამ მოსამართლეებმაც „ენჯეო“ სექტორის ამ ნაწილს და მის პატრონ როგორც პოლიტიკურ პარტიას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ასევე „ნაცმოძრაობის“ უკან მდგარ შესაბამის ძალებს. თუ მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შინაარს შევხედავთ, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები ამ მოსამართლეების მხრიდან ციხიდან გათავისუფლდნენ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბექაური, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე, თელავის რაიონული სასამართლოს უვადო მოსამართლე მამუკა წიკლაური და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი არის ის ხუთი მოსამართლე, რომლებიც ე.წ ვეტინგის მოდელს ემხრობიან. „ქრონიკამ“ მათთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.