ხუთი მოსამართლე მზად არის მათი კეთილსინდისიერება ე.წ ვეტინგის სისტემით შემოწმდეს.
აღნიშნული ნიშნავს, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემაში მათი და მათივე კოლეგების ყოფნა-არყოფნის საკითხს უცხოელი ექსპერტები გადაწყვეტენ.
სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბექაური, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე, თელავის რაიონული სასამართლოს უვადო მოსამართლე მამუკა წიკლაური და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი არის ის ხუთი მოსამართლე, რომლებიც ე.წ ვეტინგის მოდელს ემხრობიან. „ქრონიკამ“ მათთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
თემაზე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებებიც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ მოსამართლეთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ კლანის წარმომადგენელი და დამფინანსებლების რჩეულები არიან.
„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევა, რომ ამორალურია, როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევაზე სასამართლო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი თანახმაა.