„ვეტინგი“ არაფერ შუაში არ არის სასამართლო რეფორმასთან, ეს არის რაღაც კოსმეტიკური ცვლილება, რომელიც ბევრჯერ გავაკეთეთ, არაფერი უშველა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, თავის დროზე იუსტიციის საბჭოზე იყო საუბარი და არ უშველა, მერე 2/3 წესის დანერგვაზე, ესეც ჩაფლავდა.
„ვეტინგიც“ იმავენაირად ჩაფლავდება, რადგან არაფერ შუაში არ არის დეკლარაციების შემოწმება კეთილსინდისიერებასთან, არც ის უშველის სიტუაციას, რომ რაღაც საბჭო აირჩევს თუ შეამოწმებს, რადგან ამ საბჭოს პოლიტიკოსები დანიშნავენ და ფაქტობრივად, მმართველი ძალა ვინც იქნება, ის აარჩევს საბჭოს. თუ ასე მივუდექით, მმართველი საბჭო უცხოელ ექსპერტებსაც დაიქირავებს. მე შენ გეტყვი ლობისტებს ვერ ქირაობენ, რომელიც მათ გაუხარდებათ. ამიტომ საბოლოო ჯამში ეს არის მცდელობა, რომ სინამდვილეში არ ჩავატაროთ სასამართლო რეფორმა. არ მესმის, რატომ უჭერენ მხარს ამ ენჯეოშნიკურ რაღაც უაზრობას ჩემი კოლეგა პოლიტიკოსები, მაგრამ საბოლოოდ ეს არასწორი გზა არის. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ნაფიცმსაჯულთა სასამართლო, უნდა დავნერგოთ არჩევითი მოსამართლეების ინსტიტუტი რომ ამ სასამართლოს გარყვნილ რეპუტაცია დაკარგულ ინსტიტუციაში შევიყვანოთ ახალი ხალხი, რომელსაც სუფთა რეპუტაცია ექნება, ამით გამოვასწოროთ სისტემა და არა ის, რომ პოლიტიკოსებმა მორიგ ჯერზე ვიღაც ტიპები დანიშნონ ან მოხსნან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
კითხვაზე, ხუთი მოსამართლე, მამუკა წიკლაური, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქული მხარს უჭერენ „ვეტინგის“ სისტემას, სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა: „უჭერდეს. ვიღაც უჭერს მხარს, ვიღაც არა“.
მისივე თქმით, სასამართლოს პოზიცია ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, რადგან სასამართლო არ არის ისეთი რეპუტაციის მქონე, რომ მათ აზრს რაღაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
„ვუჭერ არ ვუჭერზე არ არის აქ საქმე, პრინციპულად სასამართლო რეფორმაზეა და შეიძლება, ვიღაცას მოსწონდეს დეკლარაციების შემოწმება, მაგრამ ამით რა იცვლება, არ მესმის. ეს ყველაფერი ერთადერთი, ვინც შეიძლება, კარგად გამოიყენოს, „ქართული ოცნებაა“, რომელმაც თქვას, რომ აი, ნახეთ, რა კარგი რეფორმა გვაქვს სასამართლოში და დამოუკიდებელი მოსამართლეები გვყავსო. თორემ ამის იქეთ მე ამ ფაქტს განსაკუთრებულ ღირებულებას არ მივანიჭებდი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.