ამ 48 ათასი დოლარით შეეძლოთ თუნდაც რამდენიმე ოჯახს დახმარებოდნენ სიღარიბის დაძლევაში, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკელი პიარ-კონსულტანტის დავალებით მიმდინარე კამპანიის შესრულება ოპოზიციას სოლიდური თანხა უჯდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები აქვს ქვეყანას როგორც სიღარიბის შემცირების, ასევე დასაქმების კუთხით, ასევე ნებისმიერი სოციალური პარამეტრის თვალსაზრისით, ხელისუფლების ეროვნული ამოცანა ქვეყანაში სიღარიბის განულება და უმუშევრობის პრობლემის დაძლევაა.
„კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაში ხარჯავენ ათასობით დოლარს. ამ თანხით შეეძლოთ თუნდაც რამდენიმე ოჯახს დახმარებოდნენ სიღარიბის დაძლევაში და არა ეს აბსურდული კამპანია ეწარმოებინათ. რაც შეეხება სიღარიბეს, სიღარიბესთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მონაცემები. 15.4%, ეს არის 2022 წლის მაჩვენებელი. არის ძალიან მძიმე ვითარება. მართალია „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს სიღარიბე იყო მილიონ 150 ათასი და ახლა არის 600 ათასზე ნაკლები, ანუ განახევრებულია თითქმის, ჩვენ ამით ვერ ვიქნებით ბედნიერი და კმაყოფილი. ჩვენ ბედნიერი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიღარიბე განულდება. ამ თემით სპეკულირება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი, რადგან მათ დაგვიტოვეს მილიონ 150 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. უმუშევრობაზეც იგივეა, ისტორიული მინიმუმი გვაქვს დღეს, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი. მთავარი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა. 2021 წელს გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასევე 2022 წელსაც, შარშან გვქონდა 7.5%, წელსაც ველოდებით ანალოგიურ მაჩვენებელს. სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი ინსტრუმენტი არის სწორედ ეკონომიკური ზრდა. ამისთვის ხორციელდება ეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ავტობანის მშენებლობა, პორტების, აეროპორტების განვითარება, და ა.შ., რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს, როგორც სიღარიბის შემცირების, ასევე დასაქმების კუთხით, ასევე ნებისმიერი სოციალური პარამეტრის თვალსაზრისით, ვერ ვიქნებით ბედნიერი, ვიდრე სიღარიბე არ განულდება საქართველოში და ვიდრე უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ არ დაიძლევა. ეს არის მთავარი ეროვნული ამოცანა, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას“, - აღნიშნა კობახიძემ.
ნახევარი მილიონი დოლარი სოციალურ ქსელში დახარჯულ რეკლამებში - ამერიკელი პიარ-კონსულტანტის დავალებით მიმდინარე კამპანიის შესრულება ოპოზიციას სოლიდური თანხა უჯდება, ისევე, როგორც თავად როზნერის მომსახურება. გახარჯული ფინანსების ოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სოციალურ ქსელშივე იძებნება. ამ კამპანიის მიზანი ქვეყანაში ცხოვრების პირობების გაუარესების წარმოჩენაა.