ჩვენთვის არის შემაშფოთებელი ის, რომ ასეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით. ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი მოვლენა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი დღესაც იგივეს აკეთებენ.
„შეგახსენებთ, რომ ამასთან დაკავშირებით BBC-მათ გაავრცელა საგანგებოდ ფილმი. ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს ძარცვავენ. როცა ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპაში, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და აბსოლუტურად შემაშფოთებელი.
როდესაც ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, ხვდება ევროკავშირში ან ბერლინში ოფიციალური თანამდებობის პირებს, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი. ამას უყურებს საზოგადოება. ასეთ დროს საზოგადოებაში შეიძლება გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. იმისთვის, რომ ასეთი ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბება არ იყოს დაშვებული, რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს.
თუ იქნება საჭირო (და ასეთი ზომები ალბათ იქნება მისაღები), ყველა შესაბამისი სამართლებრივი ზომა იქნება გამოყენებული, იმისთვის რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვითხოვოთ ამ ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში“, - განაცხადა პრემიერმა.