ირაკლი კობახიძე: იმ ვითარებაში, როცა დასრულებულია პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, მეტი რესურსი არსებობს, რომ წარიმართოს გამოძიება 2008 წლის ომის საკითხზე. მე არჩევნებამდე არ თემას არ შევეხებოდი, მაგრამ ეს პარლამენტის გადასაწყვეტია

ირაკლი კობახიძე: იმ ვითარებაში, როცა დასრულებულია პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, მეტი რესურსი არსებობს, რომ წარიმართოს გამოძიება 2008 წლის ომის საკითხზე. მე არჩევნებამდე არ თემას არ შევეხებოდი, მაგრამ ეს პარლამენტის გადასაწყვეტია

იმ ვითარებაში, როდესაც დასრულებულია სასამართლო პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, მეტი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ წარიმართოს გამოძიება 2008 წლის ომის საკითხზე. პირადად მე არჩევნებამდე არ თემას არ შევეხებოდი, მაგრამ ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ჩვენ მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი: ერთი ჰააგაში, მეორე კი სტრასბურგში. ერთ შემთხვევაში რუსული მხარე ჩვენს სამხედროებს ადანაშაულებდა ომის დანაშაულის ჩადენაში, მეორე შემთხვევაში კი - ადამიანის უფლებების დარღვევაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ორივე შემთხვევაში ჩვენი სამხედროები სათანადოდ ყოფილიყვნენ შეფასებულები. მათ არ დაურღვევიათ ადამიანის უფლებები და არ ჩაუდენიათ ომის დანაშაული. ჩვენ დავიცავით ეს პოზიცია, ქართული ჯარის ღირსება და არავის მივეცით იმის საშუალება, რომ ქართული ჯარისთვის დაებრალებინა ის, რაც მას არ გაუკეთებია, თუმცა წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ღმერთმა დაგვიფაროს, როდესაც ეს სასამართლო პროცესები წარიმართა, დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნებოდა აბსოლუტურად განსხვავებული. მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, არა მხოლოდ სააკაშვილმა დაიწყო ომი, არამედ ქართველ სამხედროებსაც დააბრალეს ომის დანაშაული, კასეტური ბომბები და ა.შ. „ნაცმოძრაობამ“ ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. ეს არის „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა. იმ ვითარებაში, როდესაც დასრულებულია ეს სასამართლო პროცესები, მეტი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ წარიმართოს გამოძიება ამ თემებზე. აღარ ექმნება საფრთხე ქართული ჯარისა და საქართველოს ინტერესებს. შემიძლია გითხრათ, რომ ქართველ ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი ამ პოლიტიკური ძალისთვის, მათ შორის იმ მთავარი დანაშაულის გამო, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში. ხალხი არ საუბრობს ამაზე, მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის. პირადად მე არჩევნებამდე არ თემას არ შევეხებოდი, მაგრამ ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესები. მირჩევნია არჩევნების დღეს ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუტანოს განაჩენი „ნაცმოძრაობას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ 13 მარტს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს იქნება ბოლო წვეთი, არჩევნებს აღარ დაელოდებიან და 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების დაწყებას არჩევნებამდე მოითხოვენ.