კეთილი ინებოს ყველამ და წარმოადგინოს სამართლებრივი არგუმენტები. პირადად მე მქონდა არაერთი შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, სადაც არგუმენტებით დავასაბუთე, რომ პროკურორთან დაკავშირებით ოპოზიციის კანონპროექტი აბსურდულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ვერავითარი დამატებითი რაციონალური წინადადებები ვერ წარმოადგინა. კობახიძემ განმარტა, რომ მსოფლიოში არსად არ არის მსგავსი რეგულაცია, რასაც ოპოზიცია ითხოვს.
„ორ თემაზეა საუბარი. ერთი არის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე და მეორე, საქართველოს კონსტიტუციაში, პროკურორთან დაკავშირებით შესატან ცვლილებებზე. ორივე კანონპროექტი არის დაინიცირებული. ჩვენ ჩავწერეთ ყველაფერი, რასაც მივიჩნევდით საჭიროდ. ვერავითარი დამატებითი, რაციონალური წინადადებები ვერ წარმოადგინა ოპოზიციამ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, გაგრძელდება პროცესი და ეს კანონები ბოლომდე იქნება მიყვანილი.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც უკავშირდება პროკურორს, არის აბსურდული შემოთავაზებები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის იყო აბსურდული ჩანაწერი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში შევიდა. სწორედ ამ აბსურდულ ჩანაწერ ეფუძნებოდა ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა და პირველი მოსმენით იყო მიღებული საქართველოს პარლამენტში. იმდენად აბსურდულია ეს კანონპროექტი, რომ ჩვენ ვფიქრობთ, ამ კანონის არ მიღებას - ეს არის ჩემი, როგორც კონსტიტუციონალისტისა და ჩემი, როგორ პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიცია.
მსოფლიოში არსად არ არის ის რეგულაცია, რომლის მიღებასაც გვთხოვენ და ის, რომ არსად არ არის ასეთი რეგულაცია, ამას აქვს კონკრეტული საფუძველი და მთავარი საფუძველი არის აბსურდულობა, ირაციონალურობა. კეთილი ინებოს ყველამ და წარმოადგინოს სამართლებრივი არგუმენტები. პირადად მე მქონდა არაერთი შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, სადაც არგუმენტებით დავასაბუთე, რომ ეს კანონპროექტი აბსურდულია. ამასთან დაკავშირებით ვერავითარი კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინე. დაველოდები მომავალშიც კონტრარგუმენტებს. ჩვენ თმენის ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, გამოცდილება, მოვითმენთ. დაველოდებით, თუ წარმოადგენენ არგუმენტებს, მზად ვართ გავიზიაროთ, მაგრამ დღემდე ვერც ერთი ასეთი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინეს“, - აღნიშნა კობახიძემ.