ირაკლი დეკანოიძე: მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიჩინონ ყურადღება სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, რადგან ბევრია შემთხვევა, როდესაც არაკვალიფიციური პირების მიერ ხდება გაზის ქსელის გადაადგილება

ირაკლი დეკანოიძე: მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიჩინონ ყურადღება სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, რადგან ბევრია შემთხვევა, როდესაც არაკვალიფიციური პირების მიერ ხდება გაზის ქსელის გადაადგილება

„თბილისი ენერჯიში“ სამტრედიის ქუჩაზე აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. კომპანიის სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა ირაკლი დეკანოიძემ მოსახლეობას სარემონტო სამუშაოების წარმოებისას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა.

„აფეთქება გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვებამ - ჩვენ ამ ვერსიას არც ვადასტურებთ და არც უარვყოფთ, იქიდან გამომდინარე, რომ დაზიანების გამო ჯგუფებს არ მიეცა საშუალება შესულიყვნენ და დაეთვალიერებინათ კორპუსი. თუმცა ეს ვერსია მოდის იქიდან, რომ პირველ სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და, შესაძლებელია, იქ რაიმე ინციდენტი ყოფილიყო გაზის დანადგარებთან ან გაზის ქსელთან დაკავშირებული.

მინდა მოვუწოდო მოსახლეობას და ვთხოვო, მაქსიმალურად გამოიჩინონ ყურადღება სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, რადგან ბევრია შემთხვევა, როდესაც სარემონტო სამუშაოების დროს არასათანადო ან არაკვალიფიციური პირების მიერ ხდება გაზის ქსელის გადაადგილება ან დანადგარების ჩახსნა-მიერთება.

ეს იყო კომერციული ფართი, სადაც ნამდვილად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და მზადდებოდა ფართი საქმიანობისთვის. უშუალოდ კომერციულ ფართს გაზი არ მიეწოდებოდა“, - აცხადებს დეკანოიძე.

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაზიანდა რამდენიმე სართული. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა.