გარწმუნებთ, რომ ფინეთი აუცილებლად დაგიჭერთ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ანდერს ადლერკროიცმა განაცხადა. კომენტარი მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ევროპის გაფართოება აუცილებელია ევროკავშირის სტაბილურობის და კეთილდღეობისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოში მიღწეულ პროგრესს. გატარებული რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს, რომ მან განაგრძოს ევროპისკენ სვლა“, - განაცხადა ადლერკროიცმა.
გრძელდება საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები ფინეთის რესპუბლიკაში. ილია დარჩიაშვილი, ფინეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების შემდეგ, ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრები გამართა ფინეთის პარლამენტშიც.