ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მზადდებოდა ამ რეგიონის თითქოსდა შემოერთება და ამ პოლიტიკის ხალხში აქტიურად გატანა, ერთგვარი მილიტარისტული სულის ჩამოყალიბება. ამან მიგვიყვანა უმძიმეს შედეგებამდე, რომელიც საქართველოს დაუდგა და ეს ოკუპაცია დღესაც გრძელდება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც 2008 წლის ომთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა.
„ალბათ, მეტი სინათლეა ამ საკითხში შემოსატანი. იქნება თუ არა გამოძიება, ეს საგამოძიებო ორგანოების საქმეა, თუმცა მე ერთ რამეს ვიმეორებ - რაც მოხდა 2008 წელს, სხვადასხვა დროს ამის გამეორების მცდელობები საქართველოს წინააღმდეგ იყო“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
„თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს იქნება ბოლო წვეთი, არჩევნებს აღარ დაველოდებით და 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების დაწყებას არჩევნებამდე მოვითხოვთ“, - აღნიშნულია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.