შალვა პაპუაშვილი: ადრე თუ გვიან, ზურაბ ადეიშვილს ქართული მართლმსაჯულების ხელი მისწვდება და სააკაშვილის მსგავსად, ისიც ციხეში აღმოჩნდება

შალვა პაპუაშვილი: ადრე თუ გვიან, ზურაბ ადეიშვილს ქართული მართლმსაჯულების ხელი მისწვდება და სააკაშვილის მსგავსად, ისიც ციხეში აღმოჩნდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განაცხადებით, ზურაბ ადეიშვილი ქართული სახელმწიფოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი და მას ადრე თუ გვიან, ქართული მართლმსაჯულების ხელი მისწვდება და ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისიც ციხეში აღმოჩნდებაა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ქართული მხარე ადეიშვილის საქართველოსთვის გადმოცემას ელოდება.

„როგორც იცით, გუშინ, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სასამართლოს მიერ განაჩენი იყო გამოტანილი როინ შავაძის საქმეზე კიდევ ორ პირთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ როინ შავაძის მკვლელობის არგამოძიება ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა, მთელი პროცედურული დარღვევები დაადგინა და ხელახალი გამოძიება დაგვაკისრა. ზუსტად ზურაბ ადეიშვილის პროკურორობის დროს იყო, როცა ეს საქმე ჩაიფარცხა, ქართველი ჯარისკაცი მოკლეს და შემდეგ ეს საქმე ისე ჩაფარცხეს, რომ არავინ დასაჯეს. ზუსტად ზურაბ ადეიშვილია ამ სისტემის შემოქმედი. დღეს განსაკუთრებით გვახსენდება ის რეჟიმი, რომელიც მისი ხელმძღვანელობით იყო ჩამოყალიბებული.

რა თქმა უნდა, მიუღებელია, რომ დამნაშავეებს ხვდებოდნენ და ხელს ართმევდნენ იმ კაბინეტებში, სადაც ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მართლმსაჯულებაზე. რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობაა, იცოდნენ, ვის და რა თემებთან დაკავშირებით ხვდებიან. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინია, რომ ვინმემ აქამდე თუ არ იცოდა, ვინ არის ზურაბ ადეიშვილი, ამის იქით ეცოდინებათ, ვინც არის და, სულ მცირე, ასეთ შეხვედრებზე აღარ ვიხილავთ.

ჩვენი მოლოდინია, ზურაბ ადეიშვილი საქართველოს გადმოეცეს. მთავარმა პროკურატურამ განმეორებით მიმართა გერმანიასა და ბელგიას. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, ამ ტერიტორიაზე ისევ თუ აღმოჩნდება ზურაბ ადეიშვილი, იყოს დაპატიმრებული და საქართველოსთვის გადმოცემული. რაც შეეხება წითელ ცირკულარს, იცით, რომ დავით კეზერაშვილიც ამოღებულია ცირკულარიდან. ეს სამწუხარო ფაქტებია და გარკვეულ გავლენებს აჩვენებს, რის გამოც ასეთი ადამიანები ასეთ კაბინეტებში ხვდებიან. ზურაბ ადეიშვილი ქართული სახელმწიფოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი, მას ადრე თუ გვიან, ქართული მართლმსაჯულების ხელი მისწვდება და ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისიც ციხეში აღმოჩნდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ გერმანიას და ბელგიას ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით მიმართა.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის არის მსჯავრდებული და ბრალდებული. ის რამდენიმე დღის წინ ჯერ ბუნდესტაგში, შემდეგ კი ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა. შეხვედრებზე ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა და მაღალი დონის შეხვედრებზე, სამართლის პრინციპების გაუმჯობესებასა და პროკურატურის რეფორმირებაზე საუბრობდა.

ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე განცხადება ჯერ გერმანიის საელჩომ გაავრცელა. შემდეგ კი განმარტება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

ადეიშვილის ევროპულ შეხვედრებს 11 მარტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა. უწყების შეფასებით, ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.

ასევე 11 მარტს გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში მთავრობა აღნიშნავს, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.