ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი, რომ ზურაბ ადეიშვილი როგორც კრიმინალი, თავისუფლად დასეირნობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მოვითხოვთ უფრო საფუძვლიან განმარტებას რატომ ხდება ეს. გადმოეცეს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ქართული სასამართლოს მიერ ცნობილი კრიმინალები, ეს დადასტურებულია სხვადასხვა განაჩენით. შესაბამისად, აქ საუბარი ვერ იქნება ვერანაირ სასჯელის მოხდის პროცესში წყვეტაზე და მის [სააკაშვილის] სადმე წასვლაზე, ან გადაცემაზე. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი, რომ ზურაბ ადეიშვილი როგორც კრიმინალი, თავისუფლად დასეირნობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მოვითხოვთ უფრო საფუძვლიან განმარტებას, რატომ ხდება ეს. გადმოეცეს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს“, - აღნიშნა წულუკიანმა.
ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის არის მსჯავრდებული და ბრალდებული. ის რამდენიმე დღის წინ ჯერ ბუნდესტაგში, შემდეგ კი ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა. შეხვედრებზე ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა და მაღალი დონის შეხვედრებზე, სამართლის პრინციპების გაუმჯობესებასა და პროკურატურის რეფორმირებაზე საუბრობდა.
ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე განცხადება ჯერ გერმანიის საელჩომ გაავრცელა. შემდეგ კი განმარტება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.
ადეიშვილის ევროპულ შეხვედრებს 11 მარტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა. უწყების შეფასებით, ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.
ასევე 11 მარტს გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში მთავრობა აღნიშნავს, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.