მამუკა მდინარაძე: არახამიას ერთი მოთხოვნა ეხება კრიმინალ სააკაშვილს, მეორე საქართველოს მოქალაქეების დაზიანებას, მესამე არის ბინძური ტყუილი

მამუკა მდინარაძე: არახამიას ერთი მოთხოვნა ეხება კრიმინალ სააკაშვილს, მეორე საქართველოს მოქალაქეების დაზიანებას, მესამე არის ბინძური ტყუილი

ძალიან ბინძური ტყუილია, თითქოს საქართველო გვერდის ავლის საშუალებად გამოიყენება, ეს ტყუილი დაიწყო საქართველოს პარლამენტში, საქართველოში და გაგრძელდა ქვეყნის გარეთ, სამწუხაროდ, დავით არახამიაც ამ ტყუილის თანამონაწილეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„ვერც ერთი და არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, ერთ მინიმალურ თემასთან დაკავშირებითაც კი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების ავლაში. ეს არის ძალიან ბნელი ტყუილი, რომელიც 2 წლის განმავლობაში დომინირებს საქართველოს საწინააღმდეგოდ. ასევე მან [არახამიამ] მოითხოვა ფრენების შეწყვეტა - არავინ ეკითხება არახამიას, ფრენებს შეწყვეტს თუ არა საქართველო. ასევე მან მოითხოვა საქართველოს მოქალაქეებისთვის გართულებული მიმოსვლა რუსეთთან. ვიცით, რომ ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. შესაბამისად, მან მოითხოვა, რომ ეს ადამიანები ისევ ტანჯვით უნდა დაბრუნდნენ ან გაფრინდნენ, როგორც ამას აკეთებდნენ, სანამ ფრენები იქნებოდა აღდგენილი. ფრენები არის ძალიან კარგი, რადგან ეს ძალიან ბევრ ადამიანს თავისუფალ გადაადგილებაში ეხმარება, ასევე ტურისტების ჩამოსვლას ეხმარება. მათ რომ სანქციების დაწესება უნდათ, ავიამიმოსვლის შეჩერება და ავიამიმოსვლის განადგურება“, -აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, არახამიამ ასევე მოითხოვა უსასტიკესი კრიმინალის, მისი მასწავლებლის - სააკაშვილის გათავისუფლება და ეს არ არის სწორი ფორმა, როგორც მეგობარ ქვეყანას უნდა ელაპარაკო.

„მათ გადმოგვცეს, თავისი ხელით გამოუშვეს სააკაშვილი საქართველოში და გვატყუებდნენ, რომ ის იყო ტრუსკავეცში. მათი ინფორმაცია იყო, რომ ის იმყოფებოდა თითქოს სასტუმროს ნომერში. არ მოგვიფიქრებია, არ მოგვლანდებია ეს ამბავი. მათი სპეცოპერაცია იყო, რომ ეს ადამიანი შემოიპარა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მიზნით. ამიტომ, ერთ მოთხოვნა არის ძალიან სპეკულაციური, ძალიან ცუდი და ეხება კრიმინალ სააკაშვილს. მეორე მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების დაზიანებას, მესამე მოთხოვნა არის ბინძური ტყუილი. ამის იქით კომენტარსაც არ საჭიროებს მისი მოთხოვნები და ულტიმატუმები. არახამიას ასეთ დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არამხოლოდ არამეგობრულობას, არამედ მტრობას ნიშნავს ამ ქვეყნისას. მისი და მისი თანამზრახველების ასეთი დამოკიდებულება ვერასდროს შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას, როგორც ეს მათ შორის საქართველოს მთავრობის გუშინდელ განცხადებაში იყო ნათქვამი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის საქართველომ უნდა შეწყვიტოს ავიამიმოსვლა რუსეთთან და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.