კახა კალაძე: ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ შეხვედრებზე ყოფილ თანამდებობის პირებს, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი

კახა კალაძე: ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ შეხვედრებზე ყოფილ თანამდებობის პირებს, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ევროსტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

კახა კალაძის განცხადებით, ამ ტიპის გადაწყვეტილებები და ქმედებები აზიანებს საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის ურთიერთობებს.

„ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ ასეთ გადაწყვეტილებებს და ამ ადამიანებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე. ესენი არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ესენი არიან კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი.

ქართველი ადამიანის წარმოდგენაში რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები? - ევროპა დაფუძნებულია იმ ფუნდამენტურ ფასეულობებზე და პრინციპებზე, რაც თითოეული ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების დაცულობა - ეს ყველაფერი წლების წინ უგულებელყოფილი იყო და გვახსოვს, რა ხდებოდა. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილებები და ქმედებები, რა თქმა უნდა, აზიანებს ამ ურთიერთობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ. კანონის უზენაესობა ევროკავშირში არჩევითი კი არა, აუცილებელია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბ ადეიშვილი, რომელიც საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის არის მსჯავრდებული და ბრალდებული, რამდენიმე დღის წინ ჯერ ბუნდესტაგში, შემდეგ კი ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა. შეხვედრებზე ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა და მაღალი დონის შეხვედრებზე, სამართლის პრინციპების გაუმჯობესებასა და პროკურატურის რეფორმირებაზე საუბრობდა.

ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე განცხადება ჯერ გერმანიის საელჩომ გაავრცელა. შემდეგ კი განმარტება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

ადეიშვილის ევროპულ შეხვედრებს 11 მარტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა. უწყების შეფასებით, ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.

ასევე 11 მარტს გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში მთავრობა აღნიშნავს, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.