ირაკლი კობახიძე: შალვა პაპუაშვილის წერილში ძალიან სწორი აქცენტებია

ირაკლი კობახიძე: შალვა პაპუაშვილის წერილში ძალიან სწორი აქცენტებია

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ბიოუროკრატია არის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია: „როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები, დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია?“.

„ეს ძალიან სწორი აქცენტია. ეს არის ფუნდამენტური საკითხი, ეს არის ღირებულებების საკითხი. ამიტომაც ვაქცევთ ამხელა ყურადღებას ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელში თუ ბერლინში. ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად მყარია ღირებულებების აღქმა ევროპულ ბიუროკრატიაში, ამიტომ გვაქვს ასეთი მძაფრი რეაქცია ამ ვიზიტზე. ეს არის ჩვენი მთავარი საკითხი, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ბიოუროკრატია არის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.