ბათუმი საფეხბურთო ვარსკვლავებს მასპინძლობს

ბათუმი საფეხბურთო ვარსკვლავებს მასპინძლობს

ბათუმი საფეხბურთო ვარსკვლავებს მასპინძლობს. „აჭარა არენაზე“ ლეგენდების მატჩი ჩატარდება -საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, მილანის „ინტერის“ ცნობილ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან.

ორივე გუნდის ვარსკვლავებმა მატჩისწინა პრესკონფერენცა გამართეს. როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ასეთი თამაში საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს კიდევ უფრო ხელს.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ჩავატარო შეხვედრა „ინტერთან“. წლების განმავლობაში ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით. უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა მილანში თამაშის შესაძლებლობა მომცა. როგორც ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე, რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი მოვიგე. ამ შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი პროექტისთვის. ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ასეთი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა სანახაობრივადაც საინტერესო იქნება. ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიეცემა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა“ - განაცხადა კალაძემ.

მილანის „ინტერის“ ვარსკვლავმა მარკო მატერაციმ მილანური დერბი გაიხსენა, როდესაც კახა კალაძე „მილანში“ თამაშობდა.

„მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა და დავპირისპირებოდი ისეთ ფეხბურთელს, როგორიც კახა კალაძეა. ბევრი თამაში ჩავატარეთ, სამწუხაროდ, მოგვიწია ბევრჯერ მატჩის დათმობა, რადგან ძლიერი მოთამაშე იყო. ხვალ გვექნება საშუალება, კიდევ ერთხელ შევხვდეთ ამხანაგურ მატჩზე. გარდა თამაშისა, იქნება მხიარული გარემო და ბევრი ღიმილი“, - აღნიშნა მატერაციმ.