პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის თქმით, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოში კითხვები არ უნდა არსებობდეს.
„საქართველოში მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის დასმა უკვე, ჩემი აზრით არასერიოზულია. ყველა ხედავს, დღეს როგორი თავისუფლებაა მედიაში.დამისახელეთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კვირაში ერთხელ ერთი საათი ჟურნალისტებთან დგება და ბრიფინგს ატარებს და ყველა კითხვა პასუხს სცემს. დამისახელეთ ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთხელ მაინც ერთი საათობით დგება ჟურნალისტებთან და ყველა კითხვას პასუხს სცემს. ამიტომ ჯერ ევროკავშირის ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პრემიერები კვირაში ერთხელ მაინც დადგნენ ჟურნალისტებთან და კითხვებს უპასუხონ და მერე იყოს შემოდავება საქართველოზე. ამიტომ, მედიის თემასთან დაკავშირებით არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტები. საქართველოში, თუკი რაიმე არის ძლიერი და წარმოდგენილი, ეს არის ქართული მედია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოში რუსი ჟურნალისიტების არშემოშვების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცალკეული მოქალაქის შემოშვება-არშემოშვება სასაზღვრო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც საქართველოს აქვს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.
„რაც შეეხება რუსი ჟურნალისტების შემოშვება - არშემოშვებას - უპირველეს ყოვლისა ვიცი, რომ არიან მათ შორის რუსი ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოდან მაუწყებლობენ. ცალკეული მოქალაქის შემოშვება არშემოშვებას ეს გახლავთ სასაზღვრო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც საქართველოს აქვს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას ადგილზე იღებს მესაზღვრე და სწორედ ეს გადაწყვეტილებები უზრუნველყოფენ, რომ საქართველოში არის უსაფრთხო გარემო. საქართველოში რუსი ჟურნალისტებიც არიან, ზოგი ბიზნესმენიც, ზოგი მეწარმე და ზოგი არქიტექტორიც. მათ პროფესიის მიხედვით არ ასხვავებს მესაზღვრე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.