საბავშვო ბაღებში, დამწყებ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირდაპირ მიდის იმის პროპაგანდა, რომ სქესი შეგიძლია თავად აირჩიო. ჩვენ ამის კონკრეტულ გამოხატულებებს ვუყურებთ უამრავ შემთხვევაში და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი შეშფოთება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციას არ ჰყოფნის არანაირი სიმამაცე, რომ თქვას, ეს არის პრობლემა და ამ პრობლემის გადაწყვეტაში მოდით ვიყოთ სოლიდარულები“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.