ჩვენ დამოუკიდებლობისთვის თურმე იმიტომ ვიბრძოლეთ, რომ სხვა ქვეყნის საელჩოებმა დაგვინიშნონ მოსამართლეები, სხვა ქვეყნიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა დაგვინიშნონ მთავრობის წევრები და პარლამენტში კანონების წერა გვიკარნახონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დაუშვებთ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნები იბრძვიან იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი გაზარდონ, ოპოზიცია და არასამთავრობოების ძირითადი ნაწილი იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი შეილახოს.
„თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, დავინახავთ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ამერიკასთან სტრატეგიულ ურთიერთობებში არის პირნათელი, მათივე შეფასებებით. მათ შორის ჩვენი შრომით, ჩვენი ჯარისკაცების სისხლის ფასად, ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა და ასევე, ათეულობით ადამიანის ჯანმრთელობა დაზიანდა. აქედან გამომდინარეობს ის, რომ 30 წელია და უვიზო მიმოსვლა არ არსებობს ამერიკასთან. სამწუხაროდ, ვერ შევძელით პირდაპირი ფრენები. თუ ორმხრივ, სტრატეგიულ ურთიერთობაში მე ყველაფერს ვაკეთებ და მეორე მხრიდან არ გადაიდგმება ძირითადი ნაბიჯები, მათ შორის, არც ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით და ა.შ. ეს როგორი დამოკიდებულებაა, სტრატეგიული ურთიერთობაა თუ უფრო წააგავს ვასალურს დამოკიდებულებას?! ჩვენ ზედმეტად არავის თავს არ ვესმით და არც პიროვნული პრობლემები გაგვაჩნია, მაგრამ როდესაც საქართველოს წინააღმდეგაა გადმოდგმული ნაბიჯები, რომ აღიქვამენ მას, როგორც კოლონიას, ესაა პრობლემა. ქვეყნები იბრძვიან იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი გაზარდონ, ჩვენი ოპოზიცია და არასამთავრობოს ძირითადი ნაწილი იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეილახოს. წარმოგიდგენიათ, ჩვენ დამოუკიდებლობისთვის თურმე იმიტომ ვიბრძოლეთ, რომ სხვა ქვეყნის საელჩოებმა დაგვინიშნონ მოსამართლეები, სხვა ქვეყნიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა დაგვინიშნონ მთავრობის წევრები და პარლამენტში კანონების წერა გვიკარნახონ. რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ დაუშვებთ. გადავხედავთ ნებისმიერ ისეთ ურთიერთობას, რომელიც სუვერენიტეტის საწინააღმდეგო იქნება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.