ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რაღაც იდეების გაჟღერება იგივეა, რაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გაჟღერებული კონკრეტული მიმართულებები, რომელსაც ვერცერთ შემთხვევაში ვერ ექნება მხარდაჭერა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და პირდაპირ არის კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული.
„ეს არის ფაქტობრივი გარემოება. მათი მხრიდან დღეს რაღაც იდეების გაჟღერება არის გვერდითა მხრიდან იგივე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გაჟღერებული კონკრეტული მიმართულებები, რომელსაც ვერცერთ შემთხვევაში ვერ ექნება მხარდაჭერა. ასევე, ფაქტობრივი გარემოებაა, რომ წარსულში 12 რეკომენდაციის შესრულებაში ერთი მხრივ არ მონაწილეობდნენ და მეორე მხრივ ნაწილი პირდაპირ ამის საბოტაჟს ახდენდა და პროცესს აზიანებდა. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და ამის შედეგად საქართველოს მოვუტანეთ კანდიდატის სტატუსი. 9 რეკომენდაციის შესრულებას რაც შეეხება, ბუნებრივია მათ კარგად ესმით, რომ წაგებულ მხარეს არიან და იმ ნავში სხედან, რომელიც უპირისპირდებოდა ჩვენი ქვეყნის მომავალს და ბუნებრივია, რომ მათ წარმატება ვერცერთ შემთხვევაში ვერ ექნებოდათ. ამ ხალხის ერთადერთი მიზანი არის როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში და დააზიანოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, საქართველოს ინტერესი. მათი მხრიდან ეს კეკლუცობა, რასაც ახლა ვხედავთ, ამას საერთო არ აქვს არც 12 რეკომენდაციის შესრულებასთან და არც იმ მიზანთან, რასაც ჩვენი ქვეყნის საბოლოო გაწევრიანება ჰქვია ევროკავშირში“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.