ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია - საქართველოს პირველი რესპუბლიკის მარცხი საბჭოთა რეჟიმთან და ქართული სახელმწიფოს ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა - დღეს შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, რომ დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი.
„ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია - საქართველოს პირველი რესპუბლიკის მარცხი საბჭოთა რეჟიმთან და ქართული სახელმწიფოს ოკუპაცია. მიუხედავად ქართველ პატრიოტთა დიდი ძალისხმევისა მაშინდელმა ახლადშექმნილმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო გამკლავებოდა ბოროტ ძალას, რომელმაც ჩვენ ქვეყანას მოუსპო განვითარების და თავისუფლების პერსპექტივა.
ოკუპაცია დღესაც გრძელდება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს კვლავ მოუხდა უთანასწორო ბრძოლაში შესვლა. დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ძირძველი ნაწილი ოკუპირებულია.
განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს ჩვენ გაცილებით ძლიერი, სუვერენული და თავდაჯერებულები ვართ. ჩვენ შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, რომ დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.