სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მას მუშაობისას კერძო, ფარული, ან ღია ხარჯები არ გაუწევია.
აღნიშნულის შესახებ მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას პროცესზე დაიკითხა.
კითხვაზე, გაუწევია ან მიუღია თუ არა გამაახალგაზრდავებელ პროცედურებზე, ან შვილის სწავლის ხარჯების გასაწევად განკარგულება, მღებრიშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი დავალება არ მიუღია.
„არც ერთი თეთრი - გამიწევიაც არ არის. მსგავსი განკარგულება, დოკუმენტის ფორმით, სიტყვიერად არავისგან მიმიღია“,- განაცხადა მღებრიშვილმა.
საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.