მომდევნო არჩევნებისთვის თუ არ გვექნება საშუალება, რომ ვისაუბროთ სრულფასოვნად დაკომპლექტებულ საარჩევნო კომისიაზე, ეს შექმნის პრობლემას, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ყველა თანხმდება, რომ არსებული საარჩევნო კოდექსი შესაცვლელია.
„მიზანი და მთავარი ამოცანა არის ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნილი ჩიხური მდგომარეობა რაღაცნაირად აღმოიფხვრას. საზოგადოება აკვირდებოდა როგორ შევიდა პროცესი ჩიხში. ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო არჩევნებისთვის თუ არ გვექნება საშუალება, რომ ვისაუბროთ სრულფასოვნად დაკომპლექტებულ საარჩევნო კომისიაზე, ეს შექმნის პრობლემას. ჩვენ ინიციატივასთან დაკავშირებით არავითარი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ არსებობს ვენეციის კომისიასთან. მეორეს მხრივ, ანგარიშგასაწევია ის ვითარება, რომელიც შექმნილია არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, რომ სჭირდება შეცვლა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება. დეპუტატები პროექტზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას ეხება, მესამე მოსმენით იმსჯელებენ.