პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საარჩევნო კოდექსზე ოპოზიციის კრიტიკას „ქრონიკასთან“ პასუხობს.
როგორც მიქანაძე ამბობს, მისთვის გაუგებარია, რა პრინციპით სთავაზობს ოპოზიცია მათ იმ მოდელზე გადასვლას, რომელიც მსოფლიოში არ არსებობს.
„კანონპროექტი შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ევროკავშირის ქვეყნებში ხდება პარლამენტის მიერ, უბრალო უმრავლესობით ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა. თუმცა, ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე შემოგვაქვს ახალი სტანდარტი, რომლის თანახმად, პირველ ჯერზე გვექნება მცდელობა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები 3/5-ით ავირჩიოთ. ვერ გავიგეთ, თუ რა პრინციპით გვთავაზობენ [ოპოზიცია] ისეთ მოდელზე გადასვლას, რომელიც მსოფლიოში არ არსებობს და რატომ უნდა იყოს საქართველო ექსპერიმენტების ქვეყანა“, - აღნიშნა მიქანაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება. დეპუტატები პროექტზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას ეხება, მესამე მოსმენით იმსჯელებენ.