წვიმის დროს უეცრად ჩაგძინებიათ? შეიძლება ისეც ხდება, რომ ასეთ დროს თავს მოთენთილად გრძნობთ. თუ ასეა, არ ინერვიულოთ, ეს მხოლოდ სიზარმაცის ბრალი არაა. არსებობს მეცნიერული მიზეზი, რის გამოც წვიმა ჩვენში ძილის სურვილს აჩენს.
რეალურად, არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც წვიმასა და ძილს ერთმანეთთან აკავშირებს.
ცნობილია, რომ მზის შუქი სეროტონინის გამოყოფას იწვევს და ამცირებს მელატონინს. სეროტონინს ხშირად "ბედნიერების ჰორმონს" უწოდებენ და ის პასუხისმგებელია სიფხიზლესა და ამაღლებულ განწყობაზე. მეორე მხრივ, მელატონინს ორგანიზმი ძილის ციკლის დასარეგულირებლად იყენებს.
წვიმიან ამინდს ხშირად თან ახლავს მუქი ღრუბლები, რაც მზის ზემოქმედების ეფექტს ამცირებს. შედეგად ვიღებთ ღამის ეფექტს, რაც საბოლოოდ სერატონინის წარმოებას ამცირებს და ააქტიურებს მელატონინს.
"ჩვენს ძილსა და სიფხიზლეზე გარემო მოქმედებს. თუ ადამიანი სიბნელეში ძილსაა მიჩვეული, მისვთის ეს სინათლეში ძალიან რთული იქნება. მეორე მხრივ, თუ მუდმივად სინათლეში ვიღვიძებთ, შეიძლება სიბნელეში გაღვიძება გაგვიჭირდეს. სინათლესა და სიბნელზე კი, ხშირად ამინდი მოქმედებს", — თქვა დოქტორ დარიუს ლოღმანემ, Advocate Christ-ის სამედიცინო ცენტრის ძილის სპეციალისტმა.
გარდა ამისა, გაზრდილი ტენიანობის დროს სხეულს შიდა ტემპერატურის შენარჩუნება შედარებით უფრო უჭირს. ეს სხეულს უფრო ტვირთავს და ღლის.
გაზრდილ ტენიანობასთან ერთად, ძლიერი ქარი გავლენას ახდენს ბარომეტრულ წნევაზეც. ქარიშხალს ჩვეულებრივ თან ახლავს დაბალი წნევა, რაც ჰაერში ჟანგბადის დონეს ამცირებს. ძილიანობა კი, შეიძლება ჟანგბადის ნაკლებობის ნიშანიც იყოს.
დაბოლოს, ეს შეიძლება იყოს უშალოდ წვიმის ხმა, რომელიც გვაძინებს. ცნობილია, რომ წვიმის დროს გამოცემული ხმა ადამიანებში ძილის სურვილს აჩენს. ეს ხმა დაბალი სიხშირისაა და დამამშვიდებადაც შეიძლება მოგვევლინოს. ასეთივე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ფოთლების შრიალს, ქარის ხმას და გულისცემაზე დაკვირვებას.
ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა სეზონური აფექტური დაავადება (SAD) გამოწვეულია სეზონებისა და ამინდის მიხედვით. ამას როგორც დეპრესიულ აშლილობას ისე მოიხსენიებენ ხოლმე და სეზონურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. უფრო ხშირად ასეთი შემთხვევები ზამთარში, მზის სხივების დონის შემცირების გამო ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, ამ აშლილობამ ადამიანი შეიძლება წლის ნებისმიერ სეზონზე შეაწუხოს.
SAD-ის სამკურნალოდ ხშირად ფოტოთერაპიას, იგივე "სინათლის თერაპიას" იყენებენ. ასეთი მკურნალობის მიზანი დღის სინათლის დეფიციტის ანაზღაურებაა. ფოტოთერაპიის შედეგად იმატებს თავის ტვინში განწყობაზე პასუხისმგებელი ქიმიური ნაერთების დონე.
"თუ ადამიანს მუდმივი ძილიანობა აწუხებს, ეს მეთოდი ძალიან გამოსადეგია", — თქვა მიშელ დრერუპმა, კლივლენდის კლინიკის ძილის ექსპერტმა.
ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ წვიმა და შესაბამისად, მზის სხივების ნაკლებობა ჩვენს ძილთან პირდაპირ კავშირშია. და მაინც, თუ ასეთ დროს ძილი არ გვინდა და გამოფხიზლება გვჭირდება, ექსპერტების თქმით, ამისთვის იდეალური საშუალება ვარჯიშია.