ორანგუტანგებს, შიმპანზეებს, ბონობოებსა და გორილებს ადამიანებთან ბევრი საერთო აქვთ, მათ შორის კი იუმორის ერთგვარი საწყისი ფორმაცაა — თამაშით სხვების გახელება. ასეთი ქცევა ბავშვებში ჯერ კიდევ 8 თვის ასაკში ჩნდება, სანამ ისინი ლაპარაკს დაიწყებენ და, მეცნიერთა აზრით, ამან ადამიანებში იუმორის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
რადგან ასეთი ცელქობისთვის მეტყველება არაა საჭირო, საინტერესოა, რამდენად გვხვდება ეს სხვა სახეობებში. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის შესასწავლად ადამიანის მსგავსი მაიმუნები საუკეთესო კანდიდატები არიან, რადგან ძალიან გვგვანან. კერძოდ, სოციალური თამაში, სიცილი და სხვების მოლოდინის აღქმა შეუძლიათ.
სწორედ ამიტომ, მკვლევრებმა მათი სოციალური ურთიერთობების ამსახველი კადრები გააანალიზეს და ყურადღება ცხოველთა სხეულის მოძრაობებზე, სახის გამომეტყველებებსა და ქმედებებზე გაამახვილეს. ასევე, იმაზე, თუ რამდენად ელოდებოდა გამხელებელი თავისი სამიზნე ინდივიდის რეაქციას მისი გაღიზიანების შემდეგ.
აღმოჩნდა, რომ მსგავსი ქცევა ყველაზე მეტად დასაწყისში ჩამოთვლილ სახეობებში — ორანგუტანგებში, შიმპანზეებში, ბონობოებსა და გორილებში — არის გავრცელებული. ეს სხვის პროვოცირებაში, ყურადღების მიპყრობის მცდელობაში, გამოიხატება. მაგალითად, კადრებში ჩანდა, რომ ცხოველები სხვისი ხედვის არეალში რაიმეს იქნევდნენ, ხელს კრავდნენ, სახეზე ახლოდან უყურებდნენ, ბეწვს ქაჩავდნენ, მათ მოძრაობას ზღუდავდნენ და ა.შ.
რაც საინტერესოა, ისინი საპასუხო რეაქციას ელოდებოდნენ და თუ მას ვერ იღებდნენ, ქმედებას იმეორებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ნაცნობია, რადგან ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგვიკეთებია ან სხვას გაუკეთებია ჩვენთვის.
ამ საკითხის შესწავლა ევოლუციური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რადგან იუმორი ადამიანთა სოციალურ ურთიერთობებში დიდ როლს ასრულებს. შესაბამისად, პრიმატებში მისი საწყისების გამოკვლევით შესაძლოა, ბევრი რამ გავიგოთ. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ თამაშის ეს ფორმა 13 მილიონი წლის წინ ადამიანისა და მაიმუნის უკანასკნელ საერთო წინაპარშიც ყოფილიყო გამოვლენილი.