ნეტფლიქსი ახალ ფილმ Damsel-ს უშვებს. კომპანიამ ტრეილერი ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ფენტეზის ჟანრის ფილმში მთავარ როლს Stranger Things-ის ვარსკვლავი მილი ბობი ბრაუნი ასრულებს. მილი პრინცესა ელოდის განასახიერებს, პრინცი ჰენრის როლს კი ფილმში მსახიობი ნიკ რობინსონი თამაშობს.
ელოდი პრინც ჰენრიზე დაქორწინდება, თუმცა ირკვევა, რომ პრინცესა სამეფოს დრაკონისთვის შესაწირად სჭირდებოდა. საუკუნეების განმავლობაში პრინც ჰენრის სამეფო ახალგაზრდა ქალებს დრაკონს სწირავდა, რათა სახელმწიფო ურჩხულისგან ეხსნა. ქორწილის შემდეგ ელოდიც ამ ქალების ბედს გაიზიარებს და უფსკრულში გადააგდებენ.
ელოდი გადაწყვეტს, დრაკონს შეებრძოლოს. ეს ისტორია სხვა ფენტეზის ჟანრის ფილმებისგან იმით გამოირჩევა, რომ ძირითადად მთავარ გმირებს ბოროტმოქმედებისგან სამყაროს დახსნა უწევთ, ამჯერად კი ელოდი საკუთარი თავის შველას ცდილობს.
უფსკრულში მოხვედრილი ელოდი დრაკონის მიერ მოკლული ქალების ძველ წარწერებს აღმოაჩენს, სადაც აღწერილია, გასაქცევად რა გზები სცადეს. პრინცესა წარსულში შეწირული ქალების გამოცდილებას იყენებს, რათა დრაკონი დაამარცხოს და უფრსკულიდან გამოღწევა შეძლოს.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ელოდი თავის დახსნას და ისიც არ ვიცით, როგორ განვითარდება სამეფოში მიმდინარე მოვლენები.
ფილმის სიუჟეტის ნაწილი უფსკრულში, ნაწილი კი სასახლეში მიმდინარეობს. Damsel-ში სხვა პერსონაჟები პრინცი ჰენრის დედა, დედოფალი იზაბელი და ელოდის დედინაცვალი ლედი ბეიფორდი არიან.
ფილმის პრემიერა 8 მარტს შედგება.