მას შემდეგ, რაც კამპანია აიწია წარმოუდგენელ ფაქტზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა მეგობარი, მეზობელი, პარტნიორი ქვეყნის, აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ მიულოცა, ამის შემდეგ გააყალბეს დოკუმენტი და დააწერეს ძველი რიცხვი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„დადასტურებული ფაქტია, რომ როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეუბნება ჟურნალისტებს, რომ ჯერ აზერბაიჯანის ცესკოს არ დაუდასტურებია და ამიტომ არ ულოცავდა სალომე ზურაბიშვილი, შემდეგ კი ადმინისტრაცია ამბობს, რომ უკვე მიულოცა, ე.ი. ტყუილია. ეს ეჭვი კი არ არის, ტყუილია. მას შემდეგ, რაც კამპანია აიწია წარმოუდგენელ ფაქტზე, რომ მან მეგობარი, მეზობელი, პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიულოცა, ამის შემდეგ გააყალბეს დოკუმენტი და დააწერეს ძველი რიცხვი. ამას ადასტურებს ორი ფაქტი: ვებგვერდზე აიტვირთა მხოლოდ გუშინ, მას შემდეგ, რაც ამ პიარის შემდეგ გააგზავნეს რეალურად და ჟურნალისტებისადმი გაგზავნილი წერილიც ადასტურებს, რომ მათ სპეციალურად თქვეს ტყუილი ან რაღაც სცენას დგამენ და ესეც გამოჩნდება შემდეგში. ჩვენ ყველა ჯერზე ვაიძულებთ ასეთ ხალხს, რომ საქართველოსთვის იმუშაონ“, - აღნიშნა მდინარაძემ.