სერვისების გაუმჯობესება არის ერთ-ერთი გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის. ბიუროკრატიული საკიტხები, ეს ხომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არაერთი ამბავი მსმენია, როდესაც მაგალითად 10 დღიანი ვადა აქვს რაღაც ინფორმაციის გაცემის საჯარო მოსამსახურეს რომელიმეს და დღემდე არის შემორჩენილი ეს ბიუროკრატიული ხარვეზი, რომ მაინცდამაინც მეათე დღის ბოლოს აგზავნის ვიღაც პასუხს. ამით მოქალაქეები ბუნებრივია ღიზიანდებიან და ამას გამოხატავენ. სწორედ ეს გზავნილი იყო დღეს პრემიერის. კონკრეტული მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ სერვისები უნდა გაუმჯობესდეს და თუ შესაძლებელია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა მოქალაქეს თავის განცხადებასთან და პრობლემასთან დაკავშირებით მეორე ან მესამე დღეს გასცეს პასუხი, ამას არ სჭირდება ათი დღე. რიგ შემთხვევებში სამწუხაროდ ეს თვეობითაც გრძელდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.