ლანა დელ რეი წლევანდელ გრემიზე 5 ნომინაციაში იყო წარდგენილი. მისმა ალბომმა Did You Know That There's a Tunnel Under Ocean Blvd კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა ლანამ გრემის მოპოვება ვერ შეძლო.
მიუხედავად ამისა, მომღერალმა ინსტაგრამის ერთ-ერთ კომენტარში დაწერა, რომ ამ ფაქტის გამო გულისწყვეტა არ უგრძნია.
"უბრალოდ იქ ყოფნით ბედნიერი ვიყავი. გრემისთვის მზადება, ტანსაცმლის არჩევა, ყველას ნახვა, ერთმანეთის მოკითხვა, ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო. დაჯილდოების არც ერთ მომენტში არ განმიცდია რაიმე ნეგატიური ემოცია, პირიქით — მხოლოდ სიხარულს ვგრძნობდი", — ამბობს დელ რეი.
ლანა გრემიზე წლის ალბომის კატეგორიაშიც იყო წარდგენილი, რომელიც მისმა მეგობარმა, ტეილორ სვიფტმა, Midnights-ისთვის მოიგო. დელ რეი ამ ალბომზე სვიფტთან ერთად მუშაობდა და დუეტი Snow on the Beach-იც გამოუშვეს, ამიტომ ტეილორმა სცენაზე ლანაც აიყვანა და მას სამადლობელი სიტყვაც მიუძღვნა.
"ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ქალ არტისტს არ ექნებოდა ინსპირაცია და იქ არ იქნებოდნენ, სადაც ახლა არიან, რომ არა ლანა დელ რეის ჩადებული შრომა ამ სფეროში. ჩემი აზრით, ის ლეგენდარული არტისტია. იღბლიანი ვარ, რომ გიცნობ და ჩემი მეგობარი გქვია", — უთხრა ტეილორმა ლანას სცენიდან.