წარმატებას ვუსურვებ ირაკლი კობახიძეს და ვულოცავ პრემიერ-მინისტრობას.. მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო მშვიდობა და სტაბილურობა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მოვისმინეთ ზერელე შეფასებები, შეკითხვები, რადგან კარგად იცოდნენ (ოპოზიციამ), რომ რაც უფრო ჩაუღრმავდებოდნენ კონკრეტულ საკითხს, მით უფრო მეტ პასუხს მიიღებდნენ ირაკლი კობახიძისგან.
ის, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტიდან წავიდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია. ყველა მინისტრს საშუალება ექნება, მომავალი თვეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრი, რომ მათ უნდა გააგრძელონ საკუთარი საქმიანობა.
როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, ოპოზიციას თავის ჩვეულ რიტორიკას მაინც გააგრძელებს.
„ყველგან, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ, რომ საქმე გაეფუჭებინათ, გაეღრმავებინათ პოლარიზაცია და დესტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანონ ყველაფერი, ამ შანს ხელიდან არასდროს უშვებენ“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა.