ირაკლი ზარქუა: ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა, მის ინტერესშია, საქართველოში არ იყოს მშვიდობა და ყველანაირი მცდელობა აქვთ, ჩაგვრთონ კონფლიქტში

ირაკლი ზარქუა: ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა, მის ინტერესშია, საქართველოში არ იყოს მშვიდობა და ყველანაირი მცდელობა აქვთ, ჩაგვრთონ კონფლიქტში

მადლობას ვუცხადებ იმ სამსახურს, რომელმაც აღკვეთა ეს ტერორისტული ოპერაცია, - ასე გამოეხმაურა ირაკლი ზარქუა დღეს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების შესახებ. ამ თემაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „ქრონიკაში ისაუბრა.

„ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა, მის ინტერესშია, საქართველოში არ იყოს მშვიდობა და ყველანაირი მცდელობა აქვთ, ჩაგვრთონ ამ კონფლიქტში. ეს არის ამის მიზანი და ამოცანა. ალბათ უამრავი ასეთი შემთხვევა გვექნება. ადრეც ყოფილა, თუ გაიხსენებთ, ტერორიზმთან დაკავშირებული მცდელობები. მე მახარებს ის, რომ ჩვენი შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ესეც ამისი ერთ-ერთი დემონსტრირებაა“, - განაცხადა ზარქუამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადის კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე. ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოიტანეს.

იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში. ნაწილის გატანა სცადეს, ნაწილზე კი დამკვეთმა გადაწყვეტილება შეცვალა და თბილისში დატოვეს. სუსის ინფორმაციით, საქმეში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე. ორგანიზატორთა მიზანი იყო - ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს.