ლანა დელ რეი ახალი ალბომის გამოსვლას აანონსებს

ლანა დელ რეი ახალი ალბომის გამოსვლას აანონსებს

ლანა დელ რეიმ ახალი ალბომი Lasso დააანონსა. ლანამ ამის შესახებ 31 იანვარს ბილბორდის ღონისძიებაზე ისაუბრა. მომღერალმა დაადასტურა, რომ ახალი ალბომი ქანთრის ჟანრის იქნება.

მომღერალმა ამ პროექტზე, ისევე, როგორც სხვა ალბომებზე, პროდიუსერ ჯეკ ანტონოვთან ერთად იმუშავა. ჯეკი ისეთი ცნობილი არტისტების პროდიუსერია, როგორებიც არიან: ტეილორ სვიფტი, ლორდი და სხვები.

"ბოლო წლებში ცხადი ხდება, რომ მუსიკის ინდუსტრია ქანთრის ჟანრისკენ მიდის. ესაა მიზეზი, რის გამოც მე და ჯეკი ბოლო ოთხ წელში ნეშვილსა და მისისიპიში ვიყავით და ქანთრის ჟანრის მუსიკას ვქმნიდით", — ამბობს მუსიკოსი.

ლანამ ჯეკთან კოლაბორაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ "იღბლიან ვარსკვლავზეა დაბადებული", რადგან ჯეკთან ერთად მუშაობის პრივილეგია აქვს.

მართალია, ლანას ალბომის ზუსტი გამოსვლის თარიღი არ უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ Lasso-ს გამოშვებას სექტემბერში გეგმავს. ეს მომღერლის მე-10 სტუდიური ალბომი იქნება. ლანამ ბოლო პროექტი Did You Know That There’s a Tunnel Under Ocean Blvd წინა წელს გამოუშვა.

ლანას ამ ალბომმა 5 გრემის ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის, მთავარი — წლის ალბომის ნომინაცია. აქამდე მომღერალს ქანთრის ჟანრში ბედი არ უცდია. მან ახალი პროექტიდან ერთ-ერთი სიმღერა Henry, Come On სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ახალ ალბომთან ერთად, ლანა ზაფხულში რამდენიმე მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობასაც გეგმავს.