კუნთების დაჭიმვა საკმაოდ ხშირი ჩივილია, რომელსაც მწვავე ტკივილი ახასიათებს. ტკივილს შეიძლება ჰქონდეს მწვავე ან ქრონიკული, ყრუ ხასიათი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს პროფესიული საქმიანობა, ფიზიკური ვარჯიშების შესრულება გახურების გარეშე, ემოციური დაძაბულობა ან არასწორ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომა/წოლა. კუნთის დაჭიმულობა შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილში გავრცელდეს და ყოველდღიურ საქმიანობაში დისკომფორტი შეგვიქმნას. ყველაზე ხშირია:
- ბარძაყის კუნთის ტკივილი - ძირითადად, ფიზიკურ დატვირთვას, ვარჯიშსა და სპორტულ აქტივობას უკავშირდება. მათი დაზიანება ვითარდება კუნთების უეცარი ძლიერი შეკუმშვისას, ძირითადად, მოქნილობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშების არასათანადოდ შესრულების გამო.
- მუცლის კუნთების ტკივილი - შესაძლოა კუჭის სპაზმსა და ყაბზობას უკავშირდებოდეს.
- კისრის კუნთების ტკივილი - ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. საათობით ატარებენ დროს კომპიუტერთან ან ტელეფონთან.
კუნთების ტკივილისგან თავის არიდება სამკურნალო ვარჯიშებითა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვითაა შესაძლებელი. კუნთებისთვის იდეალურია ცურვა, რადგან ამ პროცესში კუნთების თითქმის ყველა ჯგუფია ჩართული. გარდა ამისა, კუნთების დაჭიმულობის დროს მიზანშეწონილია სხვადასხვა ორთოპედიული პროდუქტის გამოყენება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა საზიანოა კუნთებისთვის, თუმცა, უმოძრაო რუტინა ასევე ხშირად ხდება კუნთების ტკივილის მიზეზი. ამიტომ ვარჯიშების ინტენსივობა ოპტიმალური უნდა იყოს.