საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე არასამთავრობო ორგანიზაციების ISFED-ის და IDFI-ის ინიციატივას პასუხობს.
როგორც მიქანაძე ამბობს, ამ ორგანიზაციებმა კარგად იციან, რომ ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით სამუშაო პროცესის შემდეგ აუცილებლად გაიმართება საკომიტეტო მოსმენები, სადაც თავისუფლად შეუძლიათ დასწრება.
„მათ [არასამთავრობო ორგანიზაციებმა ISFED-მა და IDFI-მა] ძალიან კარგად იციან, რომ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებების მისაღებად მთელი ეს პროცესები გადაინაცვლებს საკომიტეტო მოსმენებზე, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ დასწრება, კითხვის დასმა. ის ფაქტი, რომ მათი ჩართულობა არ არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს სიცრუეს. ისინი უბრალოდ არ არიან გაერთიანების მონაწილე, რომელთანაც მუდმივად, ამ რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარეობდა თანამშრომლობა. გამონაკლისების გაკეთება ვერ მოხდება. მაშინ სხვა ორგანიზაციებს, ვინც ასევე არ არის ამ პლატფორმის წევრი, რატომ არ უნდა შევთავაზოთ მონაწილეობა?! ამიტომ მათთვის რა თქმა უნდა, უმთავრესი არეალი თავიანთი ჩართულობის და მონაწილეობის უნდა იყოს საკანონმდებლო წინადადებების წარმოდგენა“, - აღნიშნა მიქანაძემ.
ევროკავშირის ცხრა პუნქტის შესრულების მიზნით პარლამენტში სამუშაო პროცესის ფორმატს მესამე სექტორის ნაწილი აკრიტიკებს. ISFED-ის და IDFI-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გარეშე დაგეგმილი შეხვედრები დასტურია, რომ სახელისუფლებო გუნდი პროცესს არაინკლუზიურად მართავს.
ბრალდება მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის“ - უმრავლესობა მესამე სექტორის ამ ნაწილს წარსულ საქმიანობას და ევროინტეგრაციის გზაზე მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ახსნებს.