ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებული სტრესი არა მხოლოდ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე აისახება, არამედ ფიზიკურზეც. კერძოდ, ის გავლენას ახდენს იმუნურ, ნერვულ და ჰორმონულ სისტემაზე.
სპეციალისტებმა ჯანმრთელობის ინდიკატორებზე ქრონიკული სტრესის სხვადასხვა ტიპის ზეგავლენის შესასწავლად 50 წელს გადაცილებული დაახლოებით 5 000 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. მათ სტრესის 6 გავრცელებულ წყაროზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის ფინანსურ პრობლემებზე, დაავადებებზე, სხვის მოვლაზე, განქორწინებაზე, შეზღუდულ შესაძლებლობებსა და გლოვაზე. აქედან ხანგრძლივ პერსპექტივაში ყველაზე მეტი რისკის შემცველი სწორედ პირველი აღმოჩნდა.
მკვლევრებმა რისკი სისხლში არსებული 4 ბიოინდიკატორით შეაფასეს: სტრესის ჰორმონ კორტიზოლით, დაბერებასთან/ხანგრძლივ სიცოცხლესთან დაკავშირებულ ინსულინის მსგავს ზრდის ფაქტორ I-ითა და ანთებითი პროცესების საპასუხოდ მოქმედი იმუნური აგენტებით — C-რეაქტიული ცილითა და ფიბრინოგენით.
მონაწილეებს, რომლებიც ზოგადად სტრესის ქვეშ იყვნენ, 4 წელში მაღალი რისკის კატეგორიაში მოხვედრის 61%-ით მეტი შანსი ჰქონდათ. მხოლოდ ფინანსური პრობლემების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 60% იყო, სტრესის ყოველ ახალ წყაროზე კი 19% ემატებოდათ. ამგვარი ასოციაცია სქესის, გენეტიკის, ბიოლოგიური ჯანმრთელობის, ცხოვრების სტილისა თუ სოციოეკონომიკური მდგომარეობისგან დამოუკიდებლად დაფიქსირდა.
ავტორები ამბობენ, რომ ფინანსური სტრესის ასეთ რისკიანობას, სავარაუდოდ, ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე მისი გავლენა განაპირობებს, იქნება ეს ოჯახური კონფლიქტი, სოციალური გადაღლა, შიმშილი თუ უსახლკაროდ დარჩენა.
უკანასკნელი შედეგები მიანიშნებს, რომ სტრესი 50 წელზე მეტი ასაკის ადამიანების ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და მისი ზოგიერთი წყარო ამ მხრივ სხვებზე მეტი რისკის შემცველია. მსგავს მდგომარეობას სხეულში ჰორმონული ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, რაც წნევას ზრდის და გულისცემასაც ახშირებს. სტრესის საპასუხოდ იმუნური სისტემა ააქტიურებს ანთებით პროცესებთან დაკავშირებულ მოლეკულებსაც.
ასევე, ირღვევა იმუნური და ნეირო-ენდოკრინოლოგიური სისტემების ბალანსი, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს ედება საფუძვლად. კვლევის მიხედვით, ამას ყველაზე მეტად და დიდი ხნით ფინანსური სტრესი, გლოვა და ხანგრძლივი დაავადებები განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი 4 ბიომარკერით ჯანმრთელობაზე დეტალურად ვერ ვიმსჯელებთ და ზუსტ მიზეზ-შედეგობრიობასაც ვერ დავადგენთ. ამასთან სპეციალისტებმა კვლევა მხოლოდ თეთრკანიან მოსახლეობაზე ჩაატარეს, ამიტომ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფზე ინფორმაცია არ გვაქვს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Brain, Behavior and Immunity გამოქვეყნდა.