თუ ტიკტოკის აქტიური მომხმარებელი ხარ და სხვადასხვა შემსრულებლის სიმღერის ფონზე ვიდეოებს ხშირად დებ, შენთვის ცუდი ამბავი გვაქვს. ტიკტოკზე თანდათანობით ქრება ისეთი ცნობილი არტისტების სიმღერები, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი, ოლივია როდრიგო, ლანა დელ რეი, ბილი აილიში, დრეიკი და სხვა. ამ არტისტებს ის აერთიანებთ, რომ მათ სიმღერებზე უფლებებს კომპანია Universal Music Group ფლობს, რომელსაც ტიკტოკთან უთანხმოება მოუვიდა.
საქმე ისაა, რომ Universal Music Group-მა და ტიკტოკმა ლიცენზიის ხელშეკრულება ვერ განაახლეს, რადგან პირობებზე ვერ თანხმდებიან. Universal Music Group-მა ცოტა ხნის წინ ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ტიკტოკის მფლობელ კომპანიასთან 3 მნიშვნელოვან საკითხზე ვერ შეთანხმდნენ: არტისტებისა და სიმღერების ავტორებისთვის სამართლიანი ანაზღაურების გადახდა, ხელოვნური ინტელექტის უარყოფითი გავლენა არტისტების საავტორო უფლებებზე და ტიკტოკის მომხმარებელთა კიბერუსაფრთხოება. ლიცენზიის ხელშეკრულებას ვადა 31 იანვარს გაუვიდა.
Universal Music Group-ის განცხადებით, ტიკტოკის მიერ გადახდილი ანაზღაურება იმდენად უმნიშვნელო და ცოტაა სხვა კომპანიებთან შედარებით, რომ ყველაზე პოპულარული სოცქსელიდან მიღებული შემოსავალი Universal Music Group-ის შემოსავლის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
"საბოლოოდ ტიკტოკი ცდილობს მუსიკაზე დაფუძნებული ბიზნესი მუსიკისთვის სამართლიანი ფასის გადახდის გარეშე ააშენოს", — წერია კომპანიის განცხადებაში. Universal Music Group იმასაც ამტკიცებს, რომ ტიკტოკმა მათთვის "ცუდი შეთავაზების" მიღების დაძალების შემდეგი მეთოდი გამოიყენა: დამწყები შემსრულებლების მუსიკა სოციალური ქსელიდან წაშალეს, ხოლო Universal Music Group-ის ვარსკვლავების სიმღერები დაიტოვეს. Universal Music Group განსაკუთრებით უკმაყოფილოა იმით, რომ ტიკტოკი მომღერლებს არ იცავს და არ კრძალავს ხელოვნური ინტელექტის მიერ მომღერლების ხმის იმიტირებით შექმნილ კონტენტს.
Universal Music Group-ის ბრალდებებს, თავის მხრივ, ტიკტოკიც გამოეხმაურა. კომპანიის თქმით, Universal Music Group არტისტების ინტერესებზე მაღლა სიხარბეს აყენებს და ურჩევნია, დატოვოს პლატფორმა, რომელსაც მილიარდიანი აუდიტორია აქვს.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ტიკტოკი უამრავი კომპანიისთვის მარკეტინგის ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა. ტიკტოკსა და მის აუდიტორიას არა მხოლოდ ახალი სიმღერების პოპულარიზაციის ძალა აქვს, არამედ ძველი ნამუშევრების ჩარტების სათავეში მოქცევაც კი შეუძლია, რაც ამ დროის განმავლობაში არაერთხელ მომხდადრა.
უთანხმოების შედეგად, ტიკტოკზე არტისტების ოფიციალური გვერდებიდან სიმღერები ქრება. აღნიშნული უთანხმოება კი გავლენას იქონიებს არა მხოლოდ მსმენელებზე, არამედ იმ ახალბედა ხელოვანებზეც, რომლებიც ტიკტოკს თავიანთი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის იყენებენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა გამქრალ სიმღერებს და მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას Universal Music Group და ტიკტოკი.