დიუნის რეჟისორ დენის ვილნევს აქამდეც გამოუხატავს სურვილი, რომ წიგნის მეორე ნაწილის, Dune Messiah-ის, მიხედვით ფილმი გამოუშვას. ამჟამად მაყურებლები დიუნის მეორე ნაწილის გამოსვლას ელიან, რომელიც პირველი წიგნის ეკრანიზაციის გაგრძელებაა.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნების სერიაშ 6 ნაწილისგან შედგება, მათ მიხედვით კი წიგნის პერსონაჟზე ათობით წიგნი გამოიცა, რეჟისორს სურს, რომ ამ პროექტზე მუშაობა ფილმის მესამე ნაწილით დაასრულოს. დეკემბერში რეჟისორმა განაცხადა, რომ ამჟამად მის სცენარზე მუშაობენ.
"დიუნი მესია ჩემთვის ამ ფილმების ბოლო ნაწილი იქნება. მასზე მუშაობა ძალიან გვინდა, თუმცა ამისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდება", — აცხადებს ვილნევი.
ინტერვიუებში ფილმის მესამე ნაწილზე დიუნის მსახიობებმა, ტიმოთი შალამემ და ზენდეიამაც ისაუბრეს. ზენდეიას თქმით, ახალი ფილმის გადაღების შემთხვევაში, მასში მონაწილეობას დიდი სიამოვნებით მიიღებდა.
"დენისმა რამდენჯერაც არ უნდა დამირეკოს, ჩემი პასუხი ყოველთვის კი იქნება. მაინტერესებს, როგორ გაგრძელდება ისტორია. დიუნი მესია წავიკითხე და გაოცებული ვიყავი — წიგნში ძალიან ბევრი რამე ხდება, თუმცა დენისზე მეტი სიფრთხილითა და სიყვარულით ამ ფილმს ვერავინ გადაიღებს", — ამბობს მსახიობი.
რაც შეეხება ტიმოთის, მისი თქმით, მესამე ნაწილზე მუშაობის იდეა აღაფრთოვანებს.
"თუ იმის დრო და შესაძლებლობა გამოჩნდება, რომ ისტორია მესიით დავასრულოთ, ამ პროექტს მთელი გუნდი დიდი ენთუზიაზმით განვახორციელებთ", — აღნიშნავს შალამე.
რეჟისორი მესამე ფილმის გამოსვლამდე შესვენებას აპირებს, რადგან ბოლო 6 წელია ის დიუნზე მუშაობს.
"ჩემი მენტალური ჯანმრთელობისთვის უკეთესი იქნება, თუ დიუნის მესამე ფილმამდე სხვა რამეზე ვიმუშავებ", — აცხადებს დენის ვილნევი.
დიუნის მეორე ნაწილი დიდ ეკრანებზე 1 მარტს გამოჩნდება. როგორც ტრეილერში ჩანს, ტიმოთის პერსონაჟმა ფრემენების ნდობა მოიპოვა და ახლა მათთან ერთად აპირებს ბრძოლას. ემოციური მიმართვის შემდეგ კი, საინტერესო და დაძაბული სანახაობა იწყება.
დიუნის მე-2 ნაწილში ასევე ვიხილავთ ფლორენს პიუს, რომელიც პრინცესა ირულანს განასახიერებს. ვარსკვლავური შემადგენლობის სხვა წევრები არიან ოსტინ ბატლერი და ლეა სეიდუც.