გელა მამუკაშვილი: დაეხსენით ორივე ირაკლის თვალთმაქცური პლატფორმიდან გველური მეთოდებით დისკრედიტაციის და ამ გზით ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდობლობის დათესვის მცდელობებს...კეთილი რჩევაა, ისევ თქვენ გამოგადგებათ, რადგან ამაოდ ირჯებით

გელა მამუკაშვილი: დაეხსენით ორივე ირაკლის თვალთმაქცური პლატფორმიდან გველური მეთოდებით დისკრედიტაციის და ამ გზით ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდობლობის დათესვის მცდელობებს...კეთილი რჩევაა, ისევ თქვენ გამოგადგებათ, რადგან ამაოდ ირჯებით

ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

“როდესაც კარგი ფუნქციონერი თანამდებობას ტოვებს, ყოველთვის დასანანია. კი ბატონო, ეს მესმის.                                                                                               

ანალოგიურად დამენანა, როცა ქალბატონმა თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის პოსტი დატოვა...და რა მერე?! სადაც არის, ცუდად უძღვება საქმეს თუ ნაკლებმნიშვნელოვან ჭაპანს არის შეჭიდებული?!                                                                     

ზოგიერთის ფანტაზია (ნაცებს და მათ მემარჯვენე ფრთას - ე.წ. კონსერვატორებს არ ვგულისხმობ) იქამდეც გასწვდა, რომ პრემიერის პოსტიდან ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისთანავე ეჭვები დაუფარავად გამოხატეს - ხელისუფლების გადაბარებას ხომ არ აპირებენ ან კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ნიადაგს ხომ არ ამზადებენო.                                                                      

10 წელია, ეს გზავნილები გვესმის - პერიოდულად თავებს გამოყოფენ ხოლმე ამ ნარატივების პროფესიონალი კულტივატორები. შემდეგ ისევ მიყუჩდებიან და შესაფერისი დროის დადგომამდე ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერის ნიღბის ქვეშ იმალებიან, რათა საპანიკიორო საბაბებს შორის პერიოდში მათმა სიტყვამ მეტი სანდოობის ელფერი შეიძინოს. ძირითადად ნელთბილების ტვინებზე მუშაობენ და რაღაც მომენტში გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ.                                                                                  

დალოცვილებო! ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან წასვლაზე ვითომ გულწრფელ ცრემლებს რომ ამზეურებთ, გვერდს რატომ უვლით იმ ფაქტს, რომ ის არსად წასულა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხდება?! ვენდობიო, რომ წერთ, ეგ სადაური ნდობაა, როცა იქვე მკითხველს ეჭვებით კვებავთ - ხელისუფლების გადაბარებას აპირებენო, ბიძინა გატყდაო, წნეხს ვერ გაუძლოო, დასავლეთის მიმართ დათმობაზე წავიდაო, ბოლომდე პრინციპულობა ვერ გამოავლინაო...ბოდიში ახლა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ცალ-ცალკე რომ არ ჩამოგიარათ და ყურში არ ჩაგჩურჩულათ, თუ რა მოსაზრებებითა და სამომავლო გათვლებით იხელმძღვანელა...აკი ვენდობიო - თუ ენდობი, რანაირად წარმოგიდგენია, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხელისუფლების გადაბარების ან პრონაცისტურ პარტიებთან კოალიციური მთავრობის ფორმირების კულისებსმიღმა "მიღებულ გადაწყვეტილებას" დათანხმდეს?! სწორედ ამ ალოგიკურობითა და არათანმიმდევრულობით იშიფრებით და რატომღაც გგონიათ, რომ ვერ მიგიხვდებიან.                                                             

მეორე ფაქტორიცაა - ბატონ ირაკლი კობახიძეს რა დაუწუნეთ, ვინმეზე ნაკლები პრინციპულობა გამოავლინა თუ ნაცების ლობისტი დასავლეთის ქვეყნების კონკრეტულ ლიდერებს, ელჩებს და კინზინგერ-კუბილიუს-ფოტიგებს მამხილებელი კომენტარები და სტატიები დააკლო?! იქნებ ვინმეს დასცდეს(ენას ძვალი არ აქვს) და წამოისროლოს, რომ ჩვენი ქვეყნის გაცხადებული თუ გაუცხადებელი მტრების და მათი აგენტურის მიმართ უპრინციპო იყო, ან იქნებ ეროვნული ღირებულებების დაცვის,  თუნდაც კონსტიტუციაში ქორწინების ტრადიციული დეფინიციის(ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს) გატანის საქმეში მოიკოჭლა?!                                                                      

ბევრი რომ არ გავაგრძელო - დაეხსენით ორივე ირაკლის თვალთმაქცური პლატფორმიდან გველური მეთოდებით დისკრედიტაციის და ამ გზით ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდობლობის დათესვის მცდელობებს...კეთილი რჩევაა, ისევ თქვენ გამოგადგებათ, რადგან ამაოდ ირჯებით”.