მე არ ვიცი, ვისზე საუბრობს ბატონი გამყრელიძე. კარგი იქნება, თუ დააზუსტებს სახელებსა და გვარებს. ვფიქრობ, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი უნდა ჰქონდეს საქართველოში. ძალიან კარგია სიცხადე, გამჭვირვალობა, - ასე გამოეხმაურა გრიგოლ გეგელია მამუკა გამყრელიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ოპოზიცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგოდ მუშაობდა.
„ლელოს“ წევრი აცხადებს, რომ მისი პარტიის წარმომადგენლები ამას არ აკეთებდნენ.
„მე შემიძლია ჩემი პარტიის სახელით ვთქვა, როგორც იმ პირმა, რომელიც ყველა საერთაშორისო ვიზიტშია ნამყოფი, რაც კი ჩემს პარტიას ჰქონია, რომ ჩვენ დახურულ კარს მიღმაც და საჯაროდაც ერთმნიშვნელოვნად ვუჭერდით მხარს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. სალომე სამადაშვილს გამორჩეული პოზიცია არ ჰქონია. სალომე სამადაშვილი, გრიგოლ გეგელია და ყველა სხვა „ლელოში“ ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამავე დროს, ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან იმ დემოკრატიულ პრობლემებზე, რაც ქვეყანას აქვს“, - აცხადებს გეგელია.
„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.