ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიციამ რეალისტური თემები უნდა დაისახოს და ციდან მიწაზე ჩამოვიდეს, რადგან პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნება კარგი იდეაა, თუმცა უფრო მეტად სასურველი ზღაპარია.
ჟურნალისტებთან საუბარში რომან გოცირიძე პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევის იმ წესს არ შეცვლის, რომლითაც პრეზიდენტს პარლამენტი და თვითმმართველობები აირჩევენ. მისი თქმით, როცა საკონსტოტიციო ცვლილებებს იღებდნენ, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება გააპროტესტა.
„თუ ოპოზიციას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უნდა, ამისთვის საჭიროა არჩევნების არამხოლოდ მოგება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება. თუ ოპოზიციას საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგების თავი აქვს, მაშინ აშენებულა ქვეყანა და ეს არის. ჩვენ რეალისტური გეგმები უნდა დავისახოთ – კონსტიტუციაში ცვლილებას იმ რაოდენობის ხმები სჭირდება, რაც ოპოზიციას არც ახლა აქვს და დიდი ალბათობოთ არც მომავალში ექნება. ოპოზიციის სამომავლო მიზანი ხელისუფლების შეცვლა და ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება უნდა იყოს. საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერც „ქართული ოცნება“ და ვერ ოპოზიცია მოვა”, – აღნიშნა გოცირიძემ.