პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ პრემიერის წლიური ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში შთამბეჭდავი იყო.
„დღეს პრემიერს ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა. მან მიმოიხილა ყველა მიმართულება 2023 წელის პროგრესის და ყველაფერი ციფრებში გამოხატული, არგუმენტებით გამყარებული წარდგა საზოგადოების წინაშე. პოლიტიკურ მოცემულობაში, პრემიერმა თავის გუნდთან ერთად სერიოზული ნაბიჯები გადადგა როგორც საგარეო მიმართულებით, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციასთან.
საგარეო კუთხით რამდენიმე მიმართულებით შეიძლება დავყოთ პრემიერის ანგარიში. ერთი, ძალიან არსებითი მნიშვნელოვანი ხაზი ეს არის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
დღეს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიის, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.