ის სპეკულაციები, რაც არსებობდა ლამინირებული პირადობის მოწმობების საკითხის ირგვლივ, აქტუალობას კარგავს, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„შედგა შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, სადაც მივაღწიეთ კონსენსუსს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ის 200-300 ადამიანი, რომელსაც აქვს 2011 წლის შემდეგ აღებული არაელექტრონული პირადობის მოწმობა, შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება დიდ მასას, 200 000-ზე მეტ პირადობის მოწმობას, რომელიც 2011 წლამდეა გაცემული, ეს პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას. შესაბამისად, ეს სპეკულაციური საუბრები, რაც არსებობდა ამ თემაზე, თავიდან ბოლომდე კარგავს აქტუალობას. ეს კონსენსუსი მიღწეულია და შესაბამისად, ამ ახალი ფორმით იქნება მხარდაჭერილი ის ინიციატივა, რომელიც წარმოადგინა ბატონმა ფრიდონ ინჯიამ“, - აღნიშნა კობახიძემ.