„ავად გახდომა იწვევდა თაობების გაღატაკებას, ჩვენ ეს პრობლემა უკვე დავძლიეთ“

„ავად გახდომა იწვევდა თაობების გაღატაკებას, ჩვენ ეს პრობლემა უკვე დავძლიეთ“

2013 წლის პირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი ამოქმედდა: კერძოდ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის სოციალური დახმარება გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 144 ათასი ოჯახი (ანუ საქართველოს 435 ათასზე მეტი მოქალაქე) გაორმაგებულ სოციალურ დახმარებას იღებს. და, თუკი 2013 წლის პირველ ივლისამდე სოციალური გასაცემელი ოჯახის პირველი წევრისთვის 30, ხოლო ყოველი მომდევნოსთვის – 24 ლარს შეადგენდა, თანხები გაორმაგდა და, შესაბამისად, 30 და 48-48-ლარი შეადგინა.

რაც მთავარია, გაფართოვდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა: გაიზრდა ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი; ამბულატორიას დაემატა ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსება; ასევე, გაფართოვდა გეგმიური ოპერაციების ჩამონათვალი – წლიური ლიმიტით 15 ათასი ლარი და 70-პროცენტიანი თანადაფინანსებით; ხოლო ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარითა და 80-პროცენტიანი თანადაფინანსებით განისაზღვრა; ფიზიოლოგიური მშობირობისთვის სახელმწიფო 500-ლარს გაიღებს, საკეისრო კვეთისთვის– 800-ს. და, რაც მთავარია, კვლავაც ნარჩუნდება სამედიცინო დაწესებულების პაციენტის მიერ შერჩევის პრინციპი. მეტიც, პაციენტებს ყოველ ორ თვეში ერთხელ შეუძლიათ სამედიცინო დაწესებულების შეცვლა.

2013 წლის სექტემბრიდან ასაკით პენისონერთა პენსია 150 ლარით განისაზღვრა და არსებულ საარსებო მინიმუმს გაუტოლდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის ხარჯი საქართველოში ოჯახების გაღატაკებს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ საქართველოს 2 მილიონ 200 ათას მოქალაქეს სულზე მიუსწრო, თუმცა პრობლემები მაინც რჩება, რომელთა გადაჭრაც, ბუნებრივია, იგეგმება. კიდევ რის შეთავაზებას აპირებს სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისთვის სოციალური დაცვის კუთხით, როდის გადაითვლება რეალური საარსებო მინიმუმი და რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რომ საქართველოს მოსახლეობა დღეგრძელი და ჯანმრთელი იყოს? – თემას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკო განგვიმარტავს.

– შარშან ოქტომბრამდე, ზოგადად, ეროვნული ჯანდაცვის სისტემა კონცეპტუალურად იყო მიზნობრივი სამედიცინო მომსახურება. არჩეული იყო ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფები: ბავშვები, ხანდაზმულები, სოციალურად დაუცველები, სტუდენტები და მათ მიმართ ხორციელდებოდა მხოლოდ გარკვეული ჯგუფის სამედიცინო სერვისები. ყველა ამ ჯგუფისთვის სერვისებს ახორციელებდნენ კერძო სადაზღვევო კომპანიები. თავისთავად, მიუღებელი არ არის მიზნობრივი სოციალური დახმარება, რადგან ყველა ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს უნივერსალური, ყოვლისმომცველი ან საყოველთაო ჯანდაცვა. ასეთი სულ 32 ქვეყანა იყო და ახლა უკვე საქართველო გახდა 33-ე. თუმცა იმ სტატუსში, რაც დაგვხვდა, ჩვენთვის არცთუ მისაღები იყო ის, რომ არსებული მართვის სისტემა ხორციელდებოდა დავალიანებებით, ხარვეზებით და თვეების განმავლობაში (ეს თვეები კი შეიძლება, ყოფილიყო ნახევარი წელიწადი და ზოგჯერ მეტიც) სამედიცინო სერვისების შემსრულებლებს არ უნაზღაურებდნენ მომსახურებას, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს უქმნიდა სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობას. ასევე, არასასურველი და მიუღებელი სტატუსია ის, რომ საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო დანახარჯებიდან თითქმის 50-პროცენტს შეადგენდა დანახარჯები მედიკამენტებზე, არადა, მიღებულია, რომ ეს ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 30-პროცენტს.

რამდენად უახლოვდება დღეს ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობაქართული ოცნებისწინასაარჩვნო პროგრამას?

– ბუნებრივია, სამინისტროს ახალი გუნდი ვხელმძღვანელობდით და ვხელმძღვანელობთ იმ წინასაარჩევნო პლატფორმით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეადგინა. მოკლედ მოგახსენებთ ძირითადი მომენტების შესახებ: ჯანდაცვის მიმართულებით ეს იყო გადასვლა საყოველთაო ჯანდაცვაზე, რაც უკვე განხორციელდა. პროექტის ადმინისტრირებისთვის კი უნდა ჩამოყალიბებულიყო ცალკე სადაზღვევო ფონდი.

მკითხველს შევახსენებ, რომ ჯერჯერობით გარკვეული მიზნობრივ ჯგუფების: ბავშვების, ხანდაზმულების, სტუდენტებისა და უმწეოების დაზღვევ ადმინისტრირებას უწევს კერძო სადაზღვევო კომპანიები, რაც ხშირად ხდება გაუგებრობების მიზეზი.

– როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ავამოქმედეთ, საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარი მოქცეული იყო მიზნობრივ ჯგუფებში და პროექტს მართავდნენ კერძო სადაზღვევო კომპანები. ჩვენ უზრუნველვყავით სამედიცინო სერვისებით მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი და ამის მართვას სრულად ახორციელებს სახელმწიფო. ამ ახალ პროექტში კერძო სადაზღვევოები აღარ იღებენ მონაწილეობას. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პლატფორმით, უნდა შექმნილიყო სახელმწიფო ფონდი, რომელიც სრულად განახორციელებდა ადმინისტრირებას და ამ ფონდის ჩამოყალიბებას სჭირდება წელიწადი ან წელიწად-ნახევარი.

რას შეცვლის, რას გააუმჯობესებს ამ სტრუქტურის შექმნა?

– შეცვლის იმას, რომ შეიქმნება ერთიანი სახელმწიფო სამსახური, რომელიც იქნება ამ ფინასური ნაკადების არა მხოლოდ გამტარი, არამედ – მობილიზატორიც. ახლა ამ ფუნქციას ნაწილობრივ ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო, მომავალში კი ეს იქნება მოქნილი სახელმწიფო ფონდი ან სააგენტო, როგორც იურისტები გადაწყვეტენ, რომელიც დაკავდება საპენსიო გასაცემლებით, ჯანდაცვის ანაზღაურებით. ჩვენი სამთავრობო გუნდის წინასაარჩევნო კონცეფციაა, რომ იმ თანხით, რასაც სახელმწიფო იხდის, თვითონვე უზრუნველყოს ასი პროცენტით უკლებლივ ყველას საბაზო პაკეტით მომსახურება, რაც კერძო  სადაზღვევო კომპანიების ფუნქციას უფრო მეტად წარმატებულს გახდის, რადგან აი, ამ საბაზო პაკეტის ზემოთ, რომლითაც ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს სახელმწიფო, რჩება საკმაო სივრცე იმისთვის, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებმა განავითარონ კოპრორაციული დაზღვევა. ანუ დაკავდნენ იმით, რისთვისაც არიან მოწოდებულები და არ იყვნენ სახელმწიფო თანხების ადმინისტრატორები.

მართალია, მედიკამენტების ხარჯი ისევ მაღალია ჯანდაცვის საერთო დანახარებში და ეს ტვირთად აწევს მოსახლეობას, მაგრამ უდავო ფაქტია, რომ საოპერაციო ხარჯი აღარ არის ოჯახების გაღატაკების მიზეზი, სწორედ საყოველთაო სახელმწიფო პროგრამის წყალობით. მაგრამ, მეორე მხრივ, რამდენ ხანს შეიძლება, აწიოს ბიუჯეტმა ეს ტვირთი და თუ ექნება ამის საშუალება მუდმივად?

– ის, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, ტაქტიკურ ცვლილებებს ეხებოდა, თქვენი შეკითხვა კი სტრატეგიას ეხება. ჩვენი სტრატეგია შემდეგნაირია: სამედიცინო მომსახურება, როგორც ნებისმიერი სერვისული აქტივობა, სამი მთავარი კომპონენტისგან შედგება: მიწვდომადობა, ფასი და ხარისხი. თუ არ არსებობს სამივეს მართვის ბერკეტები, ძალიან არაეფექტიანი იქნება ასეთი პროექტი. რა სტრატეგუილი განსხვავებაა იმაში, თუ რა დაგვხვდა და ახლა საითკენ მივდივართ? დაგვხვდა ის, რომ სახელმწიფო ცდილობდა, ემოქმდება მიწვდომადობაზე (ავაშენოთ მეტი საავადმყოფო), მაგრამ არ ზრუნავდა ხარისხსა და ფასწარმოქმნაზე. სტრატეგიული ცვლილება, რაც ჩვენ განვახორციელეთ, არის ის, პრიორიტეტებად ამოვიყვანეთ ხარისხი და რეალური ხარჯეფექტიანი მკურნალობა. ეს, ერთი შეხედვით, ბანალური სტრატეგიაა, მაგრამ ამის უკან დგას მთელი სისტემა, რომელზეც უნდა გადაეწყოს ყველაფერი. სახელმწიფო ახლაც დიდ თანხას იხდის იმისთვის, რომ მისი მოსახლეობა ბევრად უფრო ჯანმრთელი იყოს, ვიდრე ახლა არის და ბევრად უფრო დიდხანს იცოცხლოს. არსებული ბიუჯეტითაც კი, ხარისხის კონტროლით მივაღწევთ, რომ, სულ მცირე, მესამედით შევამცირებთ დანახარჯებს და იმ მესამედსაც მოვახმართ მოსახლეობას. ანუ მხოლოდ ხარისხის კონტროლი გაძლევს იმის ბერკეტს, რომ მესამედით გაზარდო ჯანდაცვის ბიუჯეტი.

რადგან ფასწარმოქმნა ახსენეთ, სრულიად გაუგებარია ჩვენს სამედიცნო სექტორში ფასწარმოქმნის მექანიზმი. ერთი და იმავე დონის კლინიკებში ერთი და ივე მომსახურება რადიკალურად განსხვავებული ფასი ღირს. ეს სახელმწიფოსაც უზრდის ჯანდაცვის დანახარჯს და კერძო  სადაზღვევოებსაც, რომლებიც კორპორაიულ დაზღვევაზე მუშაობენ. როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი, რომ ადეკვატური ფასი გადავიხადოთ სამედიცინო მომსახურებაში?

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ფასების ასეთ დიდ დიაპაზონში განსხვავებას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ობიექტური მიზეზი არის ის, რომ ნებსიმიერი ფასის სტრუქტურა შედგება პირდაპირი და არაპირდაპირი დანახარჯებისგან. დიდ კლინიკებს აქვთ არაპირდაპირი ხარჯების შემცირების საშუალება. მაგალითად, ერთ ბუღალტერს შეუძლია, მართოს ფინანსური ნაკადები როგორც ერთ, ისე ხუთ განყოფილებაში. და ამით შეუძლია, ძლიერი კონკურენცია გაუწიოს შედარებით პატარა კლინიკებს. სწორედ ამიტომ გერმანიაში ბოლო წლების ტენდენციაა საავადმყოფოების გამსხვილება, რომ თავი დაიცვან გაზრდილი ხარჯისგან. საქართველოში კი განხორციელდა ჰოსპიტალური რეფორმა, როდესაც აშენდა 5, 15 და 20-საწოლიანი საავადმყოფოები, ასეთ მცირე საავადმყოფოებს კი ყოველთვის მაღალი ექნება არაპირდაპირი ხარჯი, იმიტომ რომ მათ უნდა შეინახონ ადმინისტრაცია, რომელთათვისაც ეს დატვირთვა დიდი არ არის, მაგრამ მაინც სრულ შტატზე უნდა ჰყავდეთ თანაშმრომლები. მათ ძალიან მაღალი არაპირდაპირი ხარჯი აქვთ და ეს იძლევა ფასების განსხვავებას.

თუმცა ჩვენს რეალობაში ხშირად პირიქითაასწპრედ დიდ კლინიკებში მაღალი ფასი.

– რაც შეეხება სუბიექტურ ფაქტორებს: სახელმწიფოს ჯერჯერობით არ გააჩნია არანაირი ინტეგრირებული ფასწარმოქმნის სისტემები და ნებისმიერი საავადმყოფოს მენეჯერს შეუძლია, დაწეროს ნებისმიერი ფასი, რაც კი იმ წუთს თავში მოუვა. ის კლინიკა, ვინც კლინიკის აღჭურვაში აიღო საბანკო კრედიტი, წერს უფრო მეტ ფასს, იმიტომ რომ ბანკის ვალი აქვს გასასტუმრებელი; ის, ვინც თვლის, რომ მისი კლინიკა ზემწვერვალოვანი ტექნოლოგიებისაა, მინიმუმ ორ ნულს ამატებს ფასზე და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ტარიფიკაცია და რომ ყველგან ერთი და იგივე სტანდარტული ფასი დაწესდეს, მაგრამ ამას აქვს თავისი ლოგიკა, რომელიც უკვე დიდი ხანია, კერძოდ, 1982 წელსაა შექმნილი. განსაზღვრულია ფასწარმოქმნის ლოგიკური სტრუქტურა და პლუს ჩადებულია ხარისხის კონტროლის ინდიკატორებიც. როდესაც ნახულობ, რომ ანტიბიოტიკებში ბევრი ფული დაიხარჯა, ესე იგი, ინფექციების პრობლემაა იმ საავადმყოფოში. ეს არის მიღებული სისტემები, რომელთა დანერგვასაც ვცდილობთ.

არის კლინიკები, სადაც, ძირითადად, სასწრაფო დახმარებას მიჰყავს პაციენტი პენისონერები, რომლებიც საოპერაციო ჩარევას საჭიროებენ , რომლებიც სარგებლონებ იმ სადაზღვევო პაკეტით, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს კერძო სადაზღვევო კპმპანიები. პირადად მე მინახავს საპირფარეშოები რეანიმაციული განყოფილებების, რომლებშიც არ არის საპონი და რასაც ძალიან ბუნებრივად აღიქვამს სამედიცინო პერსონალი. სახელმწიფოს არ აქვს ასეთი სალითხების გაკონტროლების ფუნქცია?

– ეს საკითხი ცალსახად ეხება სახელმწიფოს. მე მჯერა, რომ არც ერთ ჩემს კოლეგას, არც ერთ ექიმს არ უნდა, რომ პაციენტი დაეღუპოს ან დაუმძიმდეს.

ერთია, არ უნდა და, მერეა, რას აკეთებს ამის თავიან ასაცილებლად.

– სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ექიმობა გამორჩეული პროფესიაა და მართლაც, არც ერთ ექიმს არ უნდა, რომ პაციენტი დაეღუპოს. მეორე მხრივ, ნებისმიერი სააადმყოფო არის კორპორაციული მენეჯერული მართვის მოდელი, რომლის კანონებიც ცალსახად ამბობს: თუ არ არის შესაბამისი მართვა და ადმინისტრირება, მოვლენები ცუდიდან გადაიქცევიან უარესად. ეს არის კანონი, რომელსაც ვერ გავექცევით და სახელმწიფოს მოვალეობაა, შექმნას ეს სისტემა, რომელიც შემდეგ იმუშავებს ინერციით. ოღონდ, თუ არავინ ავალებულებს სანიტარს, დადოს საპონი, არ დადებს. ჩვენი მინუსია, რომ ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები მივიდა იქამდე, სადამდეც მივიდა, იმიტომ რომ სახელმწიფომ არანაირი ბერკეტი არ დაიტოვა არც ხარისხის კონტროლის და არც ფასწარმოქმნის. ეს აქტივობა კერძო სფეროს გადაულოცა, რაც არ არის პრობლემა, რადგან უამრავი სახელმწიფო აკეთებს ამას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შექმნის ხარისხისა და ფასის კონტროლის სისტემას.

ამჟამად ერთჯერადი ლიცენზია გაიცემა, ანუ სამედიცინო დაწესებულება ერთჯერადად მოწმდება და მეორე დღეს საერთოდაც რომ გადააკეთონ, ეს ლიცენზია მაინც აქვთ. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ლიცენზიიდან გადავიდეთ აკრედიტაციაზე, რაც დინამიკური კონტროლის საშუალებას გვაძლევს. მათ შორის, ხარისხის კონტოლისაც. ეს რთული სისტემაა, არც მარტივად დასანერგია და ახლა ვიწყებთ პილოტურ პროგრამას სამ თუ ოთხ სამშობიაროში, რომლებიც გადავლენ ევროპული აკრედიტაციის სისტემაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პილოტური ყინულმჭრელი პროექტები მთლიან სისტემას ააწყობს ამ ხაზზე.

პენსია უკვე გაუტოლდა არსებულ საარსებო მინიმუმს, მომავალში რა სოციალურ შეღავათებს შესთავაზებთ საზოგადოებას?

– პენსიებზე გვაქვს ის ვითარება, რაც გვაქვს: წინასაარჩევნო პლატფორმის ყველა პუნქტი ზედმიწევნით ზუსტად სრულდება. გათვალიწენებული იყო პენსიის გატოლება არსებულს საარსებო მინიმუმთან, რაც უკვე მოხდა. მასშტაბებზე რომ შევიქმნათ წარმოდგენა, რადგან ხშირად ამბობენ, 150-ლარიანი პენსია ცოტაა, თვითონ მინისტრს თუ ეყოფა ეს თანხა და ასე შემდეგ, მოგიტანთ მაგალითებს: ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიარდ 700 ათასი ლარი იხარჯება მხოლოდ პენსიებზე. ანუ ეს არის გიგანტური ბიუჯეტი: გვყავს 700 000-მე მეტი პენიონერი და თვეში ერთი ლარითაც კი პენსიის გაზრდა ნიშნავს თვეში 700 000-ით მეტის გადახდას. მაგალითად, ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის წლიური ბიუჯეტი მილიონ 300 ათასი ლარია. ანუ ეს მარტივი თემა არ არის, თუმცა შემდეგი ეტაპიც გათვლილია: საარსებო მინიმუმის ახლებურად დათვლა. ახალმა მთავრობამ უკვე გამოაჩინა თავისი პოლიტიკური ნება: სახელმწიფოს უპირველეს პრიოიტეტად გამოაცხადა ჯანდაცვა და სოციალური საკითხები და არსებული ბიუჯეტი მაქსიმალურად გადმომისამართდა ჩვენს სამინისტროში. არსებული ბიუჯეტის გადანაწილებით შევძელით ჯანდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება და მომავალშიც სახელმწიფოს პრიოტეტად რჩება სოციალური ორიენტაცია. ვმუშაობთ, რომ საარსებო მინმიუმი გახდეს რეალისტური და პენსია დავუახლოვოთ ამ რეალისტურ საარსებო მინიმუმს.

აქამდე სოციალური დახმარებების სისტემის ამოცანა იყო, რომ შიმშილისგან არ მომკვდარიყო ადამიანი, ჩვენ ახლა ვაკეთებთ ასეთ გადაფასებას: ვცდილობთ, არა მხოლოდ საკვები მივაწოდოთ მოსახლეობას, არამედ, მივცეთ საშუალება, თვითონ მოიპოვოს საკვები, ჰქონდეს სამუშაო და თავად უზრუნველყოფს საკუთარი თავი. ანუ პასიური დახმარება უნდა გადავზარდოთ აქტიურ თანამშრომლობაში. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, შეგვითავაზებია სამსახური ადამიანსითვის და მას უთქვამს: არ მიღირს ეს სამსახური, მირჩევნია, ავიღო სოციალური დახმარება.

დიახ, არის მოსაზრება, რომ სოციალური დახმარების არსებული სისტემა ადამიანს უბიძგებს, დაიტოვოს უმწეოს სტატუსი და არ დაიწყოს მუშაობა, რადგან არ უღირს სახელმწიფო დახმარების მოხსნად და უმწეოთა სადაზღვევო პაკეტის დაკარგვად

– ამას ჩვენც ვაღიარებთ და ვაპირებთ, შევცვალოთ, ამიტომ ვმუშაობთ ცვლილებებზე. კერძოდ, თუ კონკრეტული რაოდენობის ხელფასს შემოგთავაზებ, მაგრამ უარს ამბობ, მაშინ მოგიხსნი სოციალურ დახმარებას. ოღონდ ამას ფრთხილი და მოქნილი მიდგომა სჭირდება.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პენსიის შემდგომ პერიოდში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 20-წელზე მეტია. ჯანდაცვის გამართული პოლიტიკის შედეგად, გვაქ ჩვენც ასეთი შესაშური პერსპექტივა, იმის გათვალისწინებითაც, რომ ექიმთან სიარულის ჩვევა ნაკლებად გვახასიათებს?

– ყოველთვის ვერიდები პაციენტის დადანაშაულებას იმაში, რომ ავად გახდა, თუმცა საქართველოში ჯანდაცვა, სამწუხაროდ, მინიმუმ, ასოცირდება მაღალტექნოლოგიურ და უნიკალურ ოპერაციებთან, მაშინ, როდესაც ეს არის უმცირესი, ერთპროცენიანი სეგმენტი მთლიანი ჯანდაცვის. ჯანდაცვა დგას ოჯახის ექიმზე, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი თავისი ოჯახის ექიმთან იქამდე მიდის, სანამ ავად გახდება, ეს არის ჯანდაცვის იდეალი. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯანმრთელად და კარგად ვცხოვრობთ, მაგრამ უკვე 4 წელია, რაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის აბსოლუტურად უფასოა პროფილაქტიკური გამოკვლევები, ეგრეთ წოდებული სკრინინგის, სიმსივნური დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის პროგრამა. როდესაც სტატისტიკური ანალიზი გავაკეთეთ, აღმოჩნდა, რომ მათგან, ვისაც უნდა ჩაეტარებინა კვლევები, მხოლოდ 0,5-4-პროცენტმა ისარგებლა. მიწვდომადია, უფასოა, არანაირი ბიუროკრატიული ბარიერი არ არსებობს, საკმარისია პირადობის მოწმობა, მაგრამ მაინც არ მიდიან. თუმცა სახელმწიფო ასეთ შემთხვევაშიც ვალდებულია, გააკეთოს სტიმულირება. იაპონიის მაგალითი ითვლება კლასიკურად: გასული საუკუნის 50-იან წლებში იაპონიაში ძალიან დაბალი იყო სიცოცხლის ხანგრძლივობა და ნეგატიური სტიმულაციით, აჯარიმებდნენ ადამიანს, თუ ეკუთვნოდა და გამოკვლევას არ იტარებდა. ისე მოხდა, რომ პირველ ადგილზეა დღეს იაპონია სიცოცხლის ხანგრძლივობით. ამას გარდა, არსებობს პოზიტიური სტიმულაციაც – თუ ჩაიტარებს კვლევას, ბონუსს აძლევენ. ანუ სახელმწიფომ ამაშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა. მეორე მხრივ, ადამიანს ყოველთვის აქვს შიში, რომ გასინჯვის შემდეგ რაღაც ცუდი აღმოაჩნდება. ერთი სიტყვით, ბევრი ფაქტორია გადაჯაჭვული. ჩვენთან, სამწუხაროდ, ოჯახის ექიმის ნდობა ძალიან დაბალია, არადა, ოჯახის ექიმზეა აკინძული დანარჩენი ტექნოლოგიები. ოჯახის ექიმი საათობით უნდა ელაპარაკოს პაციენტს, რომ სჯობს ახლა ჩაიტაროს ესა და ეს კვლევა, რომ შემდეგ არ მოუწიოს სახლ-კარის გაყიდვა. ჩვენ ამორფული სტრუქტურა გვაქვს, რომელშიც რთულია წესრიგის დამყარება, თუმცა პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით და ვფიქრობ, წარმატებული იქნება.

მას შემდეგ, რაც საზოგადოები ყველა ჯგუფისთვის გახდა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, შემჩნევა პოზიტიური დინამიკა? მიდიან ადამიანები ექიმთან?

– ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე იყო ორი შედეგის მიღება. პირველი – საქართველოს მოსახლეობის ასივე პროცენტს ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ ექიმთან მისულიყო და ეს უკვე გაკეთდა და მეორე – ავად გახდომას არ გამოეწვია კატასტროფული ხარჯები. როდესაც ჯანდაცვის დანახარჯი წლიური შემოსავლის 40-პროცენტზე მეტია, ეს კატასტროფული ხარჯია, რაც მასობრივად ხდებოდა და თაობების გაღატაკებას იწვევდა. ამ ორივე შედეგს უკვე მივაღწიეთ. მართალია, პირველი ივლისიდან დაწყებული პროექტის ეტაპობრივი შეფასება ჯერ ადრეა, მაგრამ, წინასწარი მონაცემებით, მესამე შედეგიც მივიღეთ – ადამიანებმა დაიწყეს ოჯახის ექიმთან სიარული არა უკიდურესი აუცილებლობის დროს, არამედ, პროფილაქტიკისთვისაც, რაც, მართალი გითხრათ, ყველაზე მეტად მახარებს, იმიტომ რომ ეს ექსტრაპოზიტივია. როგორც ჩანს, მიწვდომადობა არ ჰქონდათ და ამიტომაც გაქრა ჩვენთან ჩვევა, პროფილაქტიკისთვის მისულიყვნენ ექიმთან. უბრალოდ დაშინებული იყო ხალხი, ეგონათ, რომ ამას მოჰყვებოდა უსაშველო ხარჯი.

ქართული ოცნებისპროგრამა, ბუნებრივია, გათვლილია 4 წელიწადზე,ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის როგორი სისტემა გვექნება ოთხი წლის თავზ?

– ისეთი, როგორიც უნდი იყოს ჯანდაცვის სისტემა: მყარი და ჩამოყალიბებული პირველადი ჯანდაცვა, რაც ყველაზე უფრო სუსტი და ჩავარდნილი რგოლია და ონკოლოგიური მომსახურების გაძლიერება, რაც ახლა მხოლოდ ექიმების კეთილ ნებასა და კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. ანუ მივიღებთ სისტემას, რომელშიც ჩადებული იქნება ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმი და განვითარებული იქნება ყველაზე უფრო პრიორიტეტული მიმართულებები.

 ბატონო დავით, ინვესტორები ჩვენთან იმდენად ხელშეუხებელ პერსონებად მიიჩნეოდნენ, რომ საქართველოს შრომის კოდექსიც კი მათ სურვილებს იყო მორგებული. რამ გადაგაწყვეტინათ, სავსებით სამართლიანად,  ჩარევა იაშვილის კლინიკის შემთხვევაში და ნიშნავს თუ არა, რომ სახელმწიფო ამიერიდან მონიტორინგს გაუწევს ინვესტორების მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას და არ დაკმაყოფილდება მხოლოდ მათ მიერ თანხის ჩადების ფაქტით?

– უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ამ მხრივ, არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს. თუმცა, როგორც ყველაფერს, საინვესტიციო ინიციატივებსაც სჭირდება როგორც რაოდენობრივი (რა თანხის ინვესტიცია იგეგმება), ისე თვისებრივი ანალიზი. კერძოდ, რა მიმართულებით იგეგმება ინვესტიცია, რა ახლო და შორეული შედეგები ექნება მას, რამდენად თანხვედრაშია სახელმწიფო ინტერესებთან, რამდენად საფრთხეს უქმნის სხვა სტრატეგიულ ინტერესებს (მაგალითად ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს) და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პროექტის განვითარება. რა თქმა უნდა, მთავრობა ახლაც და მომავალშიც მოიქცევა ამ პრინციპების შესაბამისად. რაც შეეხება იაშვილის კლინიკის ინციდენტს: ეს იყო კონკრეტული შემთხვევა, როდესაც კერძო პირმა, რომელიც მხოლოდ სიტყვიერად დეკლარირებდა თავის გეგმებს, მოახერხა და საფრთხე შეუქმნა სამკურნალო პროცესების უწყვეტობას. ამ შემთხვევას არ აქვს კავშირი ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკასთან და ჩვენ ამ ადამიანს უბრალოდ მივუთითეთ, რომ მოქცეულიყო ქვეყნის კანონების შესაბამისად.

ჩინოვნიკობა, ზოგადად, უმადური საქმეა, თან, თქვენ საკმაოდ რთული სექტორი გერგოთ: მიუხედავად იმისა, რაც გაკეთდა, ყველა მაინც ვერ იქნება და არც არის კმაყოფილი, მით უმეტეს, ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში.

– საჯარო სამსახური, ზოგადად, რთულია ბევრი მიზეზის გამო, განსაკუთრებით, რთულია ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და განათლების მიმართულებები, რადგან მათ მიმართ ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში საზოგადოების მოლოდინი ბევრად აღემატება იმას, რის მიცემაც შეუძლია რეალობას. მე ეს სირთულე გააზრებული მაქვს და ამაში დამეხმარა ჩემი მუშაობა საჩხერეში, სადაც სოციალურად ორიენტირებული, გასაკუთრებული, უნიკალური პროექტი იყო შექმნილი და სადაც იშიათად მახსოვს დღე, რომ არ შევსწრებოდი სკანდალს უკმაყოფილო პაციენტების მხრიდან. მე ამისთვის მზად ვარ, რადგან დარგის სპეციფიკაა ისეთი, რომ მოლოდინი მეტია რეალობაზე. ეს ყველაგნ ასეაუმძლავრესი ჯანდაცვის სისტემების მქონე ქვეყნებშიც კი ბევრი კრიტიკა ისმის ამ სექტორისადმი. ამიტომ ყველა ცდილობს მუდმივ განახლებებს. ამერიკის შეერთებული შტატები თუ გერმანია მუდმივად ატარებენ რეფორმებს ჯანდაცვაში, რადგან ამ სფეროსადმი საზოგადოების მოლოდინი ძალიან მაღალია. ეს საკითხი ყველას ეხება, მიუხედავად სოციალური სტატუსისა თუ მდგომარეობისა. ამდენად, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შეიქმნა ისეთი სისტემა, როდესაც მოსახლეობა იტყოდა, ამ სისტემის კმაყოფილი ვარ. ჩემთვის ეს პოსტი, მართლაც, დიდი ტვირთი და პასუხისგმებლობაა, მაგრამ, რადგან მიწევს ამის კეთება, უნდა ვეცადო, ვაკეთო საუკეთესოდ.