მალე ბრიტნი სპირსის მემუარები, სახელად The Woman in Me, გამოვა. წიგნში მომღერალი ისეთ ისტორიებსა და გამოცდილებებს გვიზიარებს, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო.
მომღერალმა წიგნში 2007 წლის რთულ პერიოდზეც ისაუბრა, როდესაც განქორწინებას პროცესს გადიოდა და მედიის მხრიდან მუდმივ ყურადღების ცენტრში იყო. ამ დროს მან თავის გადაპარსვა გადაწყვიტა.
"თინეიჯერობიდან მოყოლებული მუდმივად ის შეგრძნება მქონდა, რომ ყველა მაკვირდებოდა და ჩემს სხეულზე კომენტარს აკეთებდა — მეუბნებოდნენ, როგორი უნდა ვყოფილიყავი. თავის გადაპარსვა ამაზე ერთგვარი პასუხი და პროტესტის ფორმა იყო", — აღნიშნავს ბრიტნი.
სპირსი მამის მეურვეობის ქვეშ 2008 წლიდან, თითქმის 14 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მისი ცხოვრების ყველა ასპექტს მამამისი და მისი იურისტი აკონტროლებდნენ. ბრიტნი ჰყვება, რომ მათ გადაპარსული თმით სიარული აუკრძალეს.
"13 წელი ისე გავიდა, რომ საკუთარი თავის აჩრდილად ვგრძნობდი თავს. როცა იმ წლებზე ვფიქრობ, როდესაც ჩემი მენეჯმენტი და მამაჩემი ჩემს სხეულსა და ფინანსებს აკონტროლებდნენ, ფიზიკურად ცუდად ვხდები.
რამდენი კაცი არტისტია, რომელმაც თავისი ფული გაანიავა, ნარკოტიკებს იღებდა ან მენტალური პრობლემები ჰქონდა. მათთვის იგივე არ გაუკეთებიათ, რაც მე ჩემმა ოჯახმა გამიკეთა", — ამბობს მომღერალი.
პირსის თქმით ამ 14 წლის მანძილზე ცეკვისა და სიმღერის მიმართ სიყვარული გაუქრა და მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულ ალბომებს უშვებდა, მათში გულს ვერ დებდა. მან ადრე ისიც აღნიშნა, რომ წარსულის ტრავმის გამო სცენაზე დაბრუნებას არ აპირებს.
"15 წლის განმავლობაში ვუყურებდი, როგორ ყვებოდნენ ადამიანები ჩემს ისტორიას ჩემ ნაცვლად, ახლა კი, როდესაც მეურვეობისგან გავთავისუფლდი, შემიძლია, ხმა ამოვიღო და მე თვითონ ვილაპარაკო", — აღნიშნავს სპირსი.
ბრიტნის კანონიერი მეურვე 2008 წელს მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაუნიშნეს, რის შემდეგაც მის ფინანსებს, კარიერას და სამედიცინო საკითხებსაც კი მამამისი განკარგავდა. მეურვეობა 2021 წლის ნოემბერში გაუქმდა.
აღსანიშნავია, რომ მეურვეობის გაუქმების საქმეში უდიდესი როლი სწორედ ბრიტნი სპირსის ერთგულმა მსმენელებმა ითამაშეს: ფანებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს მოძრაობა #FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის) და ამტკიცებდნენ, რომ მომღერალს სასამართლოს მიერ დანიშნული მეურვე, კონკრეტულად კი მამამისი, ჯეიმს სპირსი, არასათანადოდ ეპყრობოდა და თავისუფლებას საჭიროზე მეტად უზღუდავდა.
2021 წლის ივნისში ბრიტნი სპირსი სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა და თითქმის ის ყველაფერი დაადასტურა, რასაც მის ფანები ამბობდნენ: მომღერალმა აღიარა, რომ ტრავმირებულია, ახლობელი ადამიანები ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული მეურვეობის დასრულება მოითხოვა.