დავით მათიკაშვილი: სანქცია, რომელიც თუნდაც ფულადია და მას სხვა იტვირთავს დამრღვევი პირის ნაცვლად, ეს ამ დამრღვევ პირს ახალისებს იმისთვის, რომ მან კიდევ ჩაიდინოს მსგავსი ქმედება

დავით მათიკაშვილი: სანქცია, რომელიც თუნდაც ფულადია და მას სხვა იტვირთავს დამრღვევი პირის ნაცვლად, ეს ამ დამრღვევ პირს ახალისებს იმისთვის, რომ მან კიდევ ჩაიდინოს მსგავსი ქმედება

სანქცია, რომელიც თუნდაც ფულადია და მას სხვა იტვირთავს დამრღვევი პირის ნაცვლად, ეს ამ დამრღვევ პირს ახალისებს იმისთვის, რომ მან კიდევ ჩაიდინოს მსგავსი ქმედება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს იყო [„იმედის კვირის“ ] ძალიან საინტერესო რეპორტაჟი. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიგო და გაანალიზა ის, რომ ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება, რომელიც სუს-დან ისმის, ძალოვანი უწყებების პრევენციული ნაბიჯები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება დაცული იყოს ქაოსისგან. დაცული იყოს რევოლუციური სურვილებით აღსავსე პირების მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შეტანისგან და სწორია ის, რასაც სტრუქტურები აკეთებენ. როდესაც ადამიანი არღვევს კანონს, ესვრის „მოლოტოვის კოქტეილს“ პოლიციელს, შემდგომ ხდება დაჯარიმება, თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგა და ამ დროს აღმოჩნდნენ ასეთი „კეთილი ადამიანები“, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ ამ უმძიმეს „ტვირთს“, რომ ეს ადამიანები ფინანსურად უზრუნველყონ და ფაქტობრივად ის მძიმე გადაცდომები, სამართალდარღვევები, რომელსაც ეს პირები ჩადიან, არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. სანქცია, რომელიც თუნდაც ფულადია და მას სხვა იტვირთავს დამრღვევი პირის ნაცვლად, ეს ამ დამრღვევ პირს ახალისებს იმისთვის, რომ მან კიდევ ჩაიდინოს მსგავსი ქმედება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ქველმოქმედების არ სჯერა და ფულადი ჯარიმის გადახდა პირდაპირ ნიშნავს ეს იმას, რომ როდესაც ჯარიმას გადაუხდი დამრღვევ დამნაშავე პირს, ეს არის მისთვის წახალისება, რომ შემდგომშიც მან ასე გააგრძელოს მოქცევა.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როგორც ამბობენ, უფასო ყველი არის მხოლოდ სათაგურში. არ არსებობს ქველმოქმედება იქ, სადაც პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და ქვეყნის გარედან დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ აფინანსებენ დანაშაულის, სამართალდარღვევის ჩადენას. პირდაპირ ნიშნავს ეს იმას, რომ როდესაც ჯარიმას გადაუხდი დამრღვევ დამნაშავე პირს, ეს არის მისთვის წახალისება, რომ შემდგომშიც მან ასე გააგრძელოს მოქცევა და მისი მოქცევა კვლავ იქნება წახალისებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის ძალიან კარგად, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი განცხადებების ფონზე და ასეთ მდარე სურვილებს რევოლუციის მოწყობისა, არანაირი შედეგი ექნება ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

აქციებზე დაკავებულ აქტივისტების ნაცვლად, რომლებსაც სასამართლომ კანონდარღვევისთვის ფინანსური სანქცია დააკისრა, ჯარიმებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ დაფუძნებული ფონდი იხდის. „იმედის კვირამ“ გაარკვია, რომ ჯამში ადმინისტრაციულ ჯარიმებში უკვე 30 ათას ლარზე მეტია გადახდილი. რაც შეეხება დონორებს, ორგანიზაციის ვებგვერდზე ინფორმაცია აღარ იძებნება, რაც ტექნიკური გაუმართაობით ახსნეს.