ხუთშაბათს Albie-ის დაჯილდოებაზე ენ ჰეთუეიმ და მერილ სტრიპმა ყველასთვის საყვარელი ეშმაკი ატარებს პრადას გამოსვლიდან 17 წლის შემდეგ ნამდვილი მირანდა პრისტლისეული შეხვედრა მოაწყვეს.
ჰეთუეის ვერსაჩეს მწვანე კაბა ეცვა და ვერცხლის სამკაულები ეკეთა, სტრიპს კი ოქროს თვლებით გაფორმებული შავი სვიტრი. ფოტოგრაფებმა მსახიობები მაშინ დააფიქსირეს, როცა ერთმანეთს თბილად გადაეხვივნენ.
მერილი და ენი ერთადერთები არ აღმოჩნდნენ, ვინც ეშმაკი ატარებს პრადას მსახიობებიდან ღონისძიებას ესწრებოდა. ემილი ბლანტი, რომელიც ფილმში მირანდა პრისტლის უფროსი ასისტენტის როლს ასრულებს, დაჯილდოებაზე ქმართან, ჯონ კრასინსკისთან ერთად იყო. მან Zuhair Murad-ის დახვეწილი, წითელი კაბა მოირგო.
2006 წელს გადაღებულ ლეგენდარულ ფილმში, რომელიც ლორენ ვაისბერგერის ამავე სახელწოდების წიგნის ადაპტაციაა, ჰეთუეიმ ახალგაზრდა ჟურნალისტისა და ასისტენტის, ენდი საქსის როლი შეასრულა, სტრიპი კი ჟურნალ Runway-ის რედაქტორის, მირანდა პრისტლის როლს ირგებს. ფილმმა სტრიპს ოსკარის ნომინაცია მოუტანა.
2021 წელს, ფილმის რეჟისორმა, დევიდ ფრენკელმა, გაიხსენა, როგორ აარჩია მერილმა ენი როლისთვის. მისი თქმით, იქამდე ენდი საქსის როლი რეიჩელ მაკადამსს სამჯერ შესთავაზეს და ასევე, სკარლეტ იოჰანსონს, ნატალი პორტმანს და ქეით ჰადსონსაც განიხილავდნენ.
მერილი მირანდას როლზე უკვე დამტკიცებული იყო და ჰეთუეისთან შეხვედრა ითხოვა. მან ჯერ ენის სხვა ფილმებს უყურა, შემდეგ კი მას პირადად შეხვდა. საბოლოოდ, მსახიობმა ფილმის გუნდს უთხრა, რომ ენი როლისთვის შესაფერისი ადამიანი იყო: "დიახ, ეს გოგო შესანიშნავია და ვფიქრობ, ჩვენ კარგად ვიმუშავებთ ერთად".
დღეს, როდესაც უთხრეს, რომ ეშმაკი ატარებს პრადაში მიიღებდა მონაწილეობას, ჰეთუეიც იხსენებს.
"მახსოვს, როდესაც გავიგე, რომ როლზე დამამტკიცეს, სახლში ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი და სიხარულით ყვირილი და ხტუნვა დავიწყე", — აღნიშნავს მსახიობი.